განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ფლობს სრულ და ზუსტ ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების და ინკლუზიური სწავლების პროგრამის პოტენციური მოსარგებლეების შესახებ; არ ჰყავს კვალიფიციური გუნდი მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებების შესაფასებლად და არ აქვს მიღწეული შედეგების შეფასების ეფექტური მექანიზმი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ხარვეზებისა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სკოლებში ინკლუზიური სწავლების სისტემის შესწავლის შემდეგ გამოავლინა.
„ქვეყნის მასშტაბით, არსებობს ინკლუზიური განათლების მიზნების შესაბამისად ადაპტირებული სკოლები და მათ არ ჰყავთ სსსმ მოსწავლეები. ამის საპირისპიროდ, ფიქსირდება სკოლები, სადაც ირიცხებიან სსსმ - მათ შორის ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები, რომელთა გარემო არ არის თანხვედრაში ინკლუზიური განათლების მიზნებთან, რაც ერთი მხრივ ზრდის ფინანსური რესურსის არაპოდუქტიულად განკარგვის რისკებს და მეორე მხრივ, ზღუდავს მოსწავლეებისთვის განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
სწავლების პროცესის სათანადო ხარისხით წარმართვას აფერხებს მასწავლებელთა გადამზადების პროცესში არსებული პრობლემებიც. აუდიტის ინფორმაციით, ხარვეზებია დაფინანსების განაწილებაშიც.
„სსსმ მოსწავლის სწავლების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების ოდენობის განმსაზღვრელი კალკულაცია არ არის გაწერილი. დაფინანსების ოდენობა არ არის მორგებული სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და არაპროპორციულადაა განაწილებული სკოლებს შორის მოსწავლეების რაოდენობასთან მიმართებაში, რაც ზრდის ფინანსური რესურსის არაპროდუქტიულად განკარგვის რისკებს.“ - ნათქვამია აუდიტის ეფექტიანობის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციები მისცა. მათ შორის, მოსწავლის ჩარიცხვამდე შეაფასოს სკოლის გარემო და ეტაპობრივად მოახდინოს სკოლების სრული ადაპტაცია. მოხდეს სპეც. პედაგოგების სრული კონტინგენტის გადამზადება და მათთვის მასწავლებლის სტატუსის მინიჭება. ასევე, აუდიტის რჩევაა, სამინისტრომ წინასწარ მოიპოვოს ინფორმაცია პოტენციური ბენეფიციარების შესახებ და მათზე მორგებული საჭიროებების მიხედვით გადაანაწილოს ფინანსები.

























