მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტის სამსახურს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს

584fdc5750c3e
თელარა გელანტია
13.12.16 15:30
1359
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ დასკვნა პარლამენტს გადაუგზავნა. გენერალური აუდიტორის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ 63 გვერდიან დასკვნაში ყურადღებაა გამახვილებული ბიუჯეტის დეფიციტზე. გენერალური აუდიტორი მეტ განმარტებას ითხოვს.

"აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ბიუჯეტის დეფიციტი წარმოდგენილია საჯარო ფინანსების სტატისტიკის მეთოდოლოგიის (GFSM) 1986 წლის სტანდარტის მიხედვით, მაშინ როდესაც საქართველოს კანონმდებლობა ბიუჯეტის დეფიციტს განსაზღვრავს, როგორც ბიუჯეტის მთლიან სალდოს (GFSM 2001 მეთოდოლოგიის მიხედვით) და საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული ბიუჯეტის დეფიციტის მაქსიმალური დასაშვები ლიმიტიც (3% მშპ-თან მიმართებაში) გაიანგარიშება GFSM 2001 მეთოდოლოგიის მიხედვით. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად განსხვავდება GFSM) 1986-ით დათვლილი დეფიციტის მოცულობისგან. შედეგად, დამატებით დასაბუთებასა და განმარტებებს საჭიროებს ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზის დოკუმენტში დეფიციტის განსხვავებული მიდგომით წარმოდგენა“, - წერია დასკვნაში.

ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მეტ არგუმენტს საჭიროებს დოკუმენტში წარმოდგენილი პოზიტიური და ნეგატიური ფაქტორების შესახებ ინფორმაცია.პოზიტიური ფაქტორების კონტექსტში დასკვნაში მოყვანილია დედოლარიზაცია, რომელიც გრძლევადიანი პროცესია და ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა. გენერალური აუდიტორი მიიჩნევს, რომ DCFTA-ის მატერიალიზება ჯერ კიდევ სრულად არ მომხდარა, თან მოსალოდნელია ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის შენელება, ამიტომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ მნიშვნელივანია მთავრობის მოლოდინები თუ გათვლები შესაბამისი რაოდენობრივი მახასიათებლებით იყოს გამყარებული.

აუდიტის სამსახურს შენიშვნები აქვს საგადასახადო შემოსავლებზეც. კერძოდ, მეტ დასაბუთებას ითხოვენ იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე ელის მთავრობა საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელოვნად ზრდას.

აღსანიშნავია, ასევე გენერალური აუდიტორის შენიშვნები შრომის ანაზღაურებასა და საჯარო უწყებებში დასაქმებულთა რიცხოვნობაზე.

"გარკვეულ შემთხვევებში არ ხდება უწყებაში ფაქტიურად შტატით დასაქმებულ მომუშავეთა ოდენობის გასული და მიმდინარე მაჩვენებლების გათვალისწინება და გეგმიური საშტატო რიცხოვნების რეალური მაჩვენებლების განსაზღვრა. აღნიშნულის შედეგად კი, ზოგიერთ საჯარო უწყებაში წლის განმავლობაში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ ოდენობას. შედეგად, წარმოდგენილი კანონპროექტით, გაურკვეველია თუ რის საფუძველზე მოხდება საბიუჯეტო ორგანიზაციებში „შრომის ანაზღაურების“ მუხლის ზემოაღნიშნული ცვლილებები", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

ამასთან გენერალური აუდიტორის დასკვნაში ნათქვამია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ განახლებული კანონის ამოქმედება დამოკიდებულია რიგი ნორმატიული აქტების და კანონების მიღებაზე. მათ შორის 2016 წლის 1 სექტემბრამდე მთავრობას უნდა მოემზადებინა და პარლამენტისთვის წარედგინა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღუარების შესახებ" კანონპროექტი, რაც არ მომხდარა.რაც აუდიტის სამსხაურის შეფასებით, აღნიშნული კანონის 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებას ეჭვქვეშ აყენებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამინისტროებისთვის გამოყოფილ ასიგნებებთან დაკავშირებითაც არის რიგი შენიშვნები, ასევე ცალკეულ პროგრამებზე, რომელიც დაბალი ათვისებით ხასიათდება. გენერალური აუდიტორის შეფასებით, საბიუჯეტო თანხების ეფექტიანი გამოყენებისთვის აღნიშნულის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

ასევე, დასკვნაში სახელმწიფო ვალზეც ცალკე ქვეთავია გამოყოფილი, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში „საქართველო 2020“-ის სტრატეგიით დადგენილ 40%-იან ნიშნულს კვლავ გადააჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები