მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტმა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ კაპიტალურ პროექტებში ხარვეზები აღმოაჩინა

573ea3ef2229e
ელენე გოგბერაშვილი
20.05.16 09:39
2170
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კაპიტალური პროექტების მართვის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული კაპიტალური პროექტების მართვის სისტემის შეფასება.აღნიშნული მიზნით შესწავლილ იქნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული 23 პროექტი. 2012-2015 წლებში კაპიტალური პროექტების განხორციელებისათვის დახარჯული სახსრების პროცენტული წილი წლიური სახელმწიფო ბიუჯეტების 10-12%-ის ფარგლებში მერყეობს. სულ აღნიშნულ პერიოდში კაპიტალური პროექტების განსახორციელებლად კი 3 მილიონ 980 ათასი ლარი დაიხარჯა.

აუდიტის მიერ გამოვლენილი ხარვეზების მიხედვით, ქვეყნის დონეზე დაგეგმილი და განხორციელებული კაპიტალური პროექტების შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და ზუსტი. არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე და ასევე, განმახორციელებელ უწყებებს არ გააჩნიათ პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს შერჩევის კრიტერიუმებისა და აღნიშნული პროცესის ცხადად განსაზღვრას. შერჩეული კაპიტალური პროექტებისათვის არ ხორციელდება პროექტების წინასწარი შეფასება, რომლის მიზანია პროექტის განხორციელების რამდენიმე ალტერნატივიდან საუკეთესო ვარიანტის შერჩევა. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე, პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პროექტების წინასწარი შეფასების არარსებობის პირობებში, ჩნდება ისეთი პროექტების დაფინანსების რისკი, რომლებიც წარმოადგენენ არაეკონომიურ და არაეფექტიან ალტერნატივას კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრისათვის.

ნაკლოვანებებით ხასიათდება ასევე, პროექტების დეტალური შესწავლის ეტაპი, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს პროექტისათვის აუცილებელი ყველა პარამეტრის განსაზღვრისა და დაზუსტების მნიშვნელოვან საფეხურს. განსაზღვრული არ არის პროექტების ზედამხედველების მიერ მონიტორინგის შედეგების წარდგენის ფორმა და პერიოდულობა პროექტის განმახორციელებლებისათვის. არ მზადდება სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგის ამსახველი ანგარიშები. პროექტის დასრულების შემდგომ არ ხდება მიღწეული შედეგების შეფასება და პროექტის განხორციელების შედეგად დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება შემდგომი პერიოდების პროექტების დაგეგმვისას.შედეგადარ არსებობს ინფორმაცია პროექტების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ.

2012-2015 წლებში კაპიტალური პროექტების განსახორციელებლად 3 მილიონ 980 ათასი ლარი მიიმართა, რაც აღნიშნულ პერიოდში არსებული საბიუჯეტო რესურსის 11% შეადგენს.

პროექტების სასიცოცხლო ციკლთან დაკავშირებული ნაკლოვანებების ანალიზი წარმოდგენილია 2014 წელს მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ საჯარო ინვესტიციების მართვის შეფასების ანგარიშშიც . განსაკუთრებით კრიტიკული შეფასება დაიმსახურა პროექტების პირველადი შერჩევისა და წინასწარი შეფასების ეტაპებმა. ანგარიშის მიხედვით, პრობლემებია ასევე, პროექტების დასრულების შემდგომ შეფასებასა და განხორციელებული კაპიტალური პროექტის რეალური ეფექტის განსაზღვრასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული ეტაპები შეფასდა ყველაზე დაბალი „D“ ქულით.

2015 წლის მონაცემებით საბიუჯეტო რესურსით დაფინანსებული პროექტების წილი მთლიანი კაპიტალური ბიუჯეტის 43% შეადგენს, რაც ნომინალურ გამოსახულებაში 466 მილიონ ლარს წარმოადგენს. 2012-2015 წლებში კაპიტალური პროექტების განხორციელებისათვის დახარჯული მთლიანი (საბიუჯეტო და დონორების) სახსრების პროცენტული წილი წლიური სახელმწიფო ბიუჯეტების 10-12%-ის ფარგლებში მერყეობს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შენიშვნები და რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს უკვე გადაუგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები