“აუგუსტი” იტალიური ყავის ბრენდის, Pasqualini-ს იმპორტიორი გახდა. როგორც bm.ge-ის „აუგუსტის“ თანადამფუძნებელმა, ქრისტინე მორჩილაძემ განუცხადა იტალიური Pasqualini არის ყავის პრემიუმ ბრენდი, რომელიც ყავის მარცვალს განსაკუთრებული მეთოდებით ამუშავებს, რათა მაქსიმალურად დაუვიწყარი გემო და არომატი შექმნას.
„იმისთვის, რომ საუკეთესო ყავა შეგვერჩია, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გავიარეთ. ჩვენ ვიცით, როგორი გემოვნება აქვს ჩვენს მომხმარებელს, სწორედ ამიტომ, საუკეთესო ყავის მარცვლების ძიებაში რამდენიმე საერთაშორისო გამოფენას ვესტუმრეთ, სადაც შეხვედრები გვქონდა ყავის პრემიუმ მწარმოებლებთან. ჩამოვიტანეთ რამდენიმე კომპანიის სატესტო მარცვალი, მოვაწყვეთ ბრმა დეგუსტაციები, აზრი ვკითხეთ როგორც ჩვენს ბარისტებს, ისე სტუმრებსა და თანამშრომლებს. ვაკვირდებოდით და ვსწავლობდით თითოეული მათგანის ემოციებს, რომლებიც განსაკურებით სწორედ Pasqualini-ს გასინჯვის შემდეგ იგრძნობოდა. ამ ბრენდის ყავის მარცვლებმა ერთხმად დაიმსახურა მოწონება და ჩვენც მათთან დავიწყეთ თანამშრომლობა“, - თქვა მან.
ქრისტინე მორჩილაძის თქმით, „აუგუსტი“ ყავის მარცვლების იმპორტს ახორციელებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა კომპანიისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, თავისსავე ქსელში მოხმარებისთვის.
„თავდაპირველად 1 პალეტით დავიწყეთ, ახლა კი, თვეში მინიმუმ 2-3 პალეტის მოხმარებამდე ავედით. ჩვენი ძირითადი მარცვალი არის რობუსტასა და არაბიკას მარცვლების შესანიშნავად დაბალანსებული ნაზავი, რომელიც ამ ორი სახეობის მარცვლის ინდივიდუალურ არომატის ერთ საოცარ და დაუვიწყარ კომბინაციას ქმნის. სწორედ ამ მიქსით ვუმასპინძლებდით ჩვენს სტუმრებს „აუგუსტის“ ქსელში.
ყავა ჩვენს ფილიალებში იყიდება როგორც მარცვლების სახით - 500 და 1000 გრ შეფუთვებით, ასევე გვაქვს ევროპული ტიპის კაფსულებიც ყავის აპარატებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი ვინც ყავას ვერ მიირთმევს, ასევე ასორტიმენტში უკოფეინო მარცვლებიც გვაქვს“, - თქვა ქრისტინე მორჩილაძემ.
მისივე განმარტებით, 1კგ ყავის ფასი 70 ლარიდან იწყება.
„აუგუსტის“ გეგმებშია ასევე კომპანიებთან თანამშრომლობა სწორედ ყავის მარცვლების მიწოდების კუთხით.
„2024 წელს ვაპირებთ, რომ უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ კომპანიებთან ყავის მარცვლების მიწოდების კუთხით. ეს ეხება, როგორც კაფეებსა და რესტორნებს, ისე ოფისებს და იმ დაწესებულებებს, რომლებიც ყავით უმასპინძლდებიან თანამშრომლებსა თუ სტუმრებს“, - ამბობს მორჩილაძე.