ავსტრიის ლიდერმა ავიახაზებმა - Austrian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიამ ვენა - თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.
ავიახაზები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირ რეისებს თბილისიდან ვენის მიმართულებით კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
Austrian Airlines-ი 60-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტშია. Austrian Airlines-ის გლობალური მარშრუტების ქსელი 130 - ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.
"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მივიღეთ Austrian Airlines-ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ორწლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს კვირაში 3 სიხშირით. მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი, რაც იმის დასტურია, რომ ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისთვის, რომ ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი - 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES-ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.
1957 წელს დაფუძნებული და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70 საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.