საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთი ჩხატარაშვილი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალის მიმართ არასწორი და არათანმიმდევრულია.
ჩხატარაშვილი ამბობს, რომ არასწორი იყო დაპირება კლინიკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და ასევე მცდარია მათთვის გადაწყვეტილების მიღებისთვის მიცემული 2-კვირიანი ვადაც.
„საქმიანი დილის“ ეთერში ჩხატარაშვილმა მედპერსონალის სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აქცენტი ფინანსურ სირთულეებზე გააკეთა.
„სჭირდება არ სჭირდება ახალი ექიმები ამ კლინიკებს ეს ერთი საკითხია, თუმცა საბოლოოდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ყველაფერი იმის ფონზე, რაც ბოლო პერიოდში გაიარეს კლინიკებმა პირობების ცვლილებებთან და ლიცენზიებთან დაკავშირებთ, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ხალხის იქ დასაქმება და ფინანსურად რამდენად შეძლებენ გაქაჩონ, ეს უფრო სერიოზულ შესწავლას მოითხოვს იქამდე, ვიდრე ასეთ შეთავაზებას გაუკეთებდნენ კლინიკებს.
პროცესი უნდა დაგეგმილიყო ცოტა სხვანაირად, მუდმივი კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო. არ უნდა ყოფილიყო მიცემული პირობა, რომ შენობა არ დაინგრეოდა თუ მაინც აქამდე უნდა მივსულიყავით. დღესაც არ არის გვიანი და ნაცვლად იმისა, რომ 2 კვირაში მიაღებინო ადამიანს გადაწყვეტილება, ჯობია რომ შეხვდე და აუხსნა რატომ არის საჭირო ამის გაკეთება. მგონია რომ შეხვდნენ და ნაკლებად ფორსმაჟორულ პირობებში აუხსნან სიტუაცია, გაცილებით უკეთესი შედეგი ექნება. ყოველ შემთხვევაში ადამიანების დამოკიდებულება რომ სისტემამ მოჰკიდა ხელი და გადაყარა ერთ მშვენიერ დღეს, აღარ ექნებათ. ასე ჩანს რომ ახლა ასე მოხდა,“ - განაცხადა ჩხატარაშვილმა.