მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუცილებელია მეტი სანქციის დაწესება ირანზე“ – ისრაელის ელჩი საქართველოში

ისრაელი

„ირანის ჩართულობა ამ ომში არის ფაქტი“ – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა „ანალიტიკა“–სთან პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ირანის პრეზიდენტი, სხვა ოფიციალური პირები ამართლებენ ჰამასს, მის ლიდერებს, ქმედებებს.

„ისინი არც მალავენ ამას – ამბობს ჰადას მეიცადი – ისინი ოფიციალურად უჭერენ მხარს ტერორისტულ ორგანიზაციას. ირანი, ჰეზბოლა, ჰამასი და დამატებით სხვა ორგანიზაციები რეგიონში ერთ მხარეს დგანან. ამგვარი ქმედება აუცილებლად უნდა დაიგმოს მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ვფიქრობ, ყოველთვის არის მეტი სივრცე სანქციებისთვის. აუცილებელია ირანისთვის მეტი სანქციის დაწესება“.

ისრაელის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ ირანი არღვევს ყველა იმ ნორმას, რომელზეც დგას ცივილიზებული სამყარო. „ეს არის ქვეყანა, რომელიც ჰამასს უჭერს მხარს. ჰამასსა და ISIS-ს შორის არ არსებობს არანაირი სხვაობა. ისინი იყენებენ ზუსტად ერთი და იგივე ტაქტიკას, ერთი და იგივე იდეოლოგიას – ამდენად, ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ირანის წინააღმდეგ ბრძოლას“ – ამბობს ჰადას ესტერ მეიცადი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაჭრილთა რაოდენობა 3000-ს აღწევს. ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის ტერიტორიაზე მოკლულია 1500 პალესტინელი ტერორისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები