მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აუცილებელია, ყველაფერში მექანიზაცია ჩაერთოს" - რა გამოწვევებია ნუშისა და კაკლის სექტორში?

ლევან ქვარიანი

"სამომავლოდ, თუ ფერმერს უნდა წარმატებული იყოს, მან არც უნდა განიხილოს, რომ ხელით აკრიფოს კაკალი ან ნუში", - ნუშის და კაკლის მწარმოებელთა საჭიროებებზე, პოტენციალსა და გამოწვევებზე "ანალიტიკას" ეთერში დარგობრივი ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ქვარიანმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სექტორისთვის ერთ-ერთი სუსტი მხარე განათლების და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა, თუმცა როგორც ქვარიანი ამბობს, ბოლო წლებში ამ მიმართულებითაც შეინიშნება პროგრესი.

"ვიტყოდი, რომ ბოლო 5-6 წელიწადში საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ვფიქრობ, ბოლო წლებში საკმაოდ საინტერესო პროექტები განხორციელდა ნუშის და კაკლის წარმოების მიმართულებით. თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ ის შეცდომები, რომლებიც ჯერ კიდევ 8-9 წლის წინ დაუშვა ინდუსტრიამ, იმიტომ რომ არ გვქონდა ცოდნა, გამოცდილება. შესაბამისად, ამ შეცდომების შედეგებს ახლაც ვიმკით და გვაქვს კონკრეტული ბაღები, სადაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს ის მსხმოიარობა და მოსავლიანობა, რომელიც იდეალურ სიტუაციაში გვექნებოდა. ეს ეტაპი, ვფიქრობ, უკვე გადავიარეთ და ბოლო წლებში თუ ახალი პროექტები იწყება, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ბაზა არსებობს ინფორმაციის და საკმაოდ მარტივად შეიძლება, რომ კარგი და წარმატებული პროექტი დავიწყოთ", - განაცხადა ლევან ქვარიანმა.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სექტორში კადრების კვალიფიკაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ადაპტირების პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინდუსტრია სრულად მექანიზაციაზე უნდა გადაერთოს, თუ წარმატებული საქმიანობა სურს.

"ამ ინდუსტრიაში მასობრივი სამუშაო ძალის პრობლემა იმდენად არ არის. ეს არის ინდუსტრია, რომელშიც აუცილებელია, ყველაფერში ჩაერთოს მექანიზაცია, ტექნოლოგიები. ეს არ არის, მაგალითად, მოცვი და მსგავსი კულტურა, სადაც ხელით კრეფა, მოსავლის ხელით აღებაა აუცილებელი. თუ გვინდა ვიყოთ წარმატებულები და, კონკრეტულ ფერმერს თუ უნდა ხარჯები შეამციროს, მას სჭირდება მექანიზაცია. ეს ცალკე საკითხია - რამდენად აქვს ხელმისაწვდომობა მექანიზაციაზე, თუმცა სამომავლოდ, თუ რომელიმეს უნდა წარმატებული იყოს, მან არც უნდა განიხილოს, რომ ხელით აკრიფოს კაკალი ან ნუში.

რაც შეეხება სხვა მხრივ კვალიფიკაციას, პრობლემები არის, ოღონდ არის არა, ასე ვთქვათ, უხეშ ძალაში... სექტორს სჭირდება პროფესიონალები, შეიძლება იყოს ეს ახალგაზრდები, თუნდაც აგრონომები, რომელსაც თანამედროვე ცოდნა აქვთ, თანამედროვე კვლევებზე მიუწვდებათ ხელი. ვფიქრობ, საჭიროა უკვე ამ ინდუსტრიაში, რომ 21-ე საუკუნეში გვქონდეს თანამედროვე ფერმერობა და არა მხოლოდ მიწის მოხვნა. სრულად გაციფრულება მიმდინარეობს ინდუსტრიაში და ამას უნდა დავეწიოთ და გვჭირდება შესაბამისად კვალიფიცირებული ხალხი", - ამბობს ლევან ქვარიანი BMG-სთან,

ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ მთავარი აქცენტიც მექანიზაციაზე უნდა გაკეთდეს.

"ამ ეტაპზე ბაღების გაშენების მიმართულებით მხარდაჭერის პროგრამა მოქმედებს, რომელიც სხვა კულტურებსაც ეხება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რაც არის - ეს ბაღები შედის მსხმოიარობაში, იზრდება მოსავლიანობა და მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მექანიზაციის მიმართულებით, განსაკუთრებით მოსავლის აღების ტექნოლოგიების მიმართულებით. იმიტომ, რომ ფერმერების ძალიან მცირე ნაწილს მიუწვდებათ ხელი თანამედროვე ტექნიკაზე, რომლითაც შეძლებს დროულად შევიდეს ბაღში, დროულად აიღოს მოსავალი. საბოლოოდ ამას ძალიან დიდი პრობლემები ახლავს. წელს, მაგალითად, ვისაც არ ჰქონდა მოსავლის ამღები ტექნიკა და ან ჰქონდა ერთი და სჭირდება ხუთი, როდესაც უნდა აეღო ეს მოსავალი ერთ კვირაში, გაეწელა პროცესი ორი თვე. ამ დროს მოუწია წვიმიანმა სეზონმა, გაფუჭდა ნუშის, კაკლის ხარისხი და ასე შემდგომ. ანუ, მთავარი აქცენტი ალბათ ამ ეტაპზე უნდა გაკეთდეს მექანიზაციის მიმართულებით მხარდაჭერაზე", - განაცხადა ლევან ქვარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები