ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის, „კანიონი 350-ის“ დირექტორი, გიორგი მერკვილაძე, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნო. ბალდის მოძრაობის წევრზე ფიზიკური ძალადობის გამო, მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარი.
საქმე ეხება 2023 წლის 10 ოქტომბერს, დაცული ტერიტორიების ოფისში მომხდარ ფაქტს, როცა მოსახლეობამ კანიონის შესახებ მიმდინარე შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვა და ამის უფლება არ მიეცა.
კანიონის დირექტორი გიორგი მერკვილაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ ბრალს არ ეთანხმება და გეგმავს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.
"მედავებოდნენ ადგილობრივის ცემას. რეალურად, არსებობს ვიდეო კადრებიც, ოთახში შემოგვეჭრა ადგილობრივი, რომელსაც სამ-ოთხჯერ მოვუწოდე დაეტოვებინა სივრცე, თუმცა არ გავიდა და ამის შემდეგ მოვკიდე ქეჩოში ხელი და გავაგდე გარეთ. ამაზე თქვა, რომ სული გამიმწარდაო. ამაზე გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი და თქვა, რომ მე, ვერ დავაყენებ ეჭვქვეშ ამ კაცის სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ გაწითლებულიც კი არ აქვს ხელი.
მოკლედ, მოსამართლე დაეყრდნო ადგილობრივის მონათხრობს. სამეგრელოში სხვანაირი წესები მუშაობს, ადგილობრივები სარგებლობენ პრივილეგიებით. მათთვის ყველაფერი შეიძლება, მათ შორის ძალადობაც და ჩასულებისთვის არაფერი.
აუცილებლად გავასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში და მივყვები ბოლომდე. როგორ შეიძლება მე დამდონ ბრალი ძალადობაში, როცა აქეთ შემომეჭრა ოთახში. ამაზე საქმე რომ აღძრეს, ესეც კი დანაშაულად მიმაჩნია", - განაცხადა მერკვილაძემ.
განსხვავებულად აღწერენ ფაქტს ადგილობრივები. ცოტნე თვალაძე, რომელიც ბალდის კანიონის კომპანიის მიერ აშენებას აპროტესტებს BM.GE-სთან აცხადებს, რომ მერკვილაძის მხრიდან ეს ადგილობრივებზე ძალადობის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა.
"სოფელში გავრცელდა ხმა, რომ რაღაც შეხვედრა იგეგმებოდა ბალდელებთან. ჩვენ, გვაქვს გამოცდილება, რომ ამ ტიპის შეხვედრებზე, სადაც მთელს სოფელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივს ეუბნებიან და ისე ტარდება. როცა გავიგეთ, წავედით დაცული ტერიტორიების მარტვილის კანიონის ოფისში, სადაც დაგხვდა კანიონის დირექტორი ზაზა გაგუაც, რომელმაც განგვიმარტა, რომ ეს დახურული შეხვედრა იყო და არა მოსახლეობისთვის, როცა ოფისს ვტოვებდით მერკვილაძემ ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა, რაც იყო კამერებზეც ასახული.
ეს იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, ამის შემდეგ ერთი თვის თავზე უკვე ჯგუფურად იძალადა კიდევ ერთ აგილობრივზე. ეს საქმეც სასამართლოშია. მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არის ვიდეო მტკიცებულება, არის ექსპერტიზის დასკვნა და რადგან დანაშაული იყო უფრო მძიმე, შემდეგ საქმეზე ველოდებით უფრო მძიმე სასჯელს", - განაცხადა თვარაძემ.
ბალდის კანიონის მოწყობის სამუშაოები 2023 წლის მეორე ნახევრიდან შეჩერდა და ამ დრომდეც შეჩერებულია. მიზეზი, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია.
საქმე ის არის, რომ ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში 2013 წელს გადავიდა. მიმდინარე პროექტი სწორედ სააგენტომ შეიმუშავა და 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანიამ „კანიონი 350“ გაიმარჯვა, რომელსაც ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილზე - 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე 40-წლიანი იჯარით (20 წლის შემდეგ გადახედვის უფლებით) კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა.

























