გურიაში, შეკვეთილში მოქმედი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს განვითარებისთვის ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ სასტუმროს მენეჯმენტ „სასტუმროს მართვის კომპანიის“ თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტოგონიძემ „ბიზნესის კვირეულში“ ისაუბრა.
პროექტის განვითარების დეტალებს „სასტუმროს მართვის კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ პროექტი მუდმივი განვითარებისთვისაა შექმნილი.
„შეკვეთილის სასტუმრო 220 ოთახს და სამ რესტორანს აერთიანებს, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ, დამკვეთის სურვილია, რომ სასტუმრო მუდამ განვითარდეს და დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს.
შეკვეთილში ძალიან საინტერესო სივრცეებს ვამატებთ. ვავითარებთ მიმდებარე ზონას, რომელიც ზღვასთან და ტყესთან იქნება უშუალოდ ინტეგრირებული. გვინდა მაისისთვის უკვე იყოს და ოპერირებდეს. შეკვეთილში ვამატებთ კიდევ ერთ გადახურულ აუზს...
რა დროსაც არ უნდა ჩახვიდე შეკვეთილში, ვერ მოიწყენ, რადგან სასტუმროდან გაუსვლელად შეგიძლიათ ყველა იმ მომსახურების მიღება, რომელიც სასტუმრომ შეიძლება მოგცეთ“, - აღნიშნავს გიორგი ტოგონიძე.
სასტუმროს მართვის კომპანიის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ „მერიოტის“ ბრენდის საერთაშორისო ქსელისთვის Paragraph Resort & Spa Shekvetili სავიზიტო ბარათი გახდა და აღნიშნავს, რომ ბრენდის ქსელის 8000 სასტუმროში შეკვეთილში „პარაგრაფს“ ყველზე გრძელი აუზი აქვს.
„ჩვენი ბრენდი თავის საფუძველს პარაგრაფ შეკვეთილიდან იღებს. ყველაფერი დაახლოებით 9 წლის წინ დაიწყო, როცა შეკვეთილში ინფრასტრუქტურულად ბევრი არაფერი არსებობდა. როცა „მერიოტს“ ვესაუბრებოდით შეკვეთილზე ლოკაციის შესახებ კი არა, ადგილმდებარეობის და სახელის თქმაც კი უჭირდათ. დღეს „პარაგრაფ შეკვეთილის“ ფოტოები რეკლამირებულია და მათ ბანერებზეა ყველგან, სადაც „მერიოტი“ „ავტოგრაფ ქოლექშენით“ არის წარდგენილი. ის გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმის თუ რა და როგორ შეიძლება ამ ბრენდის ქვეშ გაკეთდეს. საქართველოში კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა შეიქმნა, რომელმაც ის ტურისტი მოიზიდა, რომელიც ჩვენთან არ ჩამოდიოდა. ყველაზე მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ ქართველებისთვის შექმნილიყო ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელისთვისაც ქართველები უცხოეთში უნდა გასულიყვნენ და ქართველებს ენახათ Luxury-სეგმენტი და დასვენება. „პარაგრაფ შეკვეთილი“ გახდა საყვარელი საოჯახო სასტუმრო. თავისი შესაძლებლობებით სასტუმრო ფაქტობრივად ულიმიტოა.
მერიოტს დაახლოებით 8000 სასტუმრო აქვს. „პარაგრაფ შეკვეთილის აუზი ყველაზე გრძელია 8 000 სასტუმროს შორის. იგივე აკვარიუმი, ცალკე შოუა ამ თევზების კვება... ისეთი სეგმენტი შეიქმნა და ისეთი მომსახურება წამოიწია წინ, რომელიც არამხოლოდ საქართველოში თითზე ჩამოსათვლელ სასტუმროებშია“, - აღნიშნავს „სასტუმროს მართვის კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტოგონიძე.