ავეჯის იმპორტი იზრდება, რასაც ბაზარზე გაჩენილი ახალი მოთამაშეები განაპირობებენ. როგორც "ეშლი ჰოუმსთორი" საქართველოს გენერალური მენეჯერი გიორგი დაბრუნდაშვილი აცხადებს, სექტორში იმაზე მაღალი მოლოდინებია, ვიდრე რეალური მსყიდველუნარიანობა, გაზრდილი კონკურენციის გამო კი იმპორტიორები ფასის ზრდას ვერ ახერხებს.
დაბრუნდაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას მომხმარებლების ქცევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მყიდველი უფრო ინფორმირებული და რაციონალური გახდა, რის გამოც კომპანიებს ახალ რეალობაზე მორგება და განვითარების განსხვავებული გზების მოძიება უწევთ.
„ჩემი აზრით, რეალიზაცია საკმაოდ გართულდა. მგონია, რომ ბაზარზე იმაზე მაღალი მოლოდინებია, ვიდრე რეალური მსყიდველუნარიანობა.
სავარაუდოდ, ეს იმანაც გამოიწვია, რომ ბაზარზე გაცილებით მეტი მოთამაშეა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა რამდენად ახერხებენ ბაზარზე საკუთარი წილის სტაბილურად ზრდას, ეს უკვე სხვა საკითხია.
დღევანდელი მომხმარებელი ბევრად უფრო ინფორმირებულია. ის მეტად ინტერესდება დეტალებით და ფასის მიმართაც უფრო მომთხოვნია. ავეჯს აღარ უყურებს როგორც ისეთ პროდუქტს, რომელშიც აუცილებლად დიდი თანხა უნდა გადაიხადოს მხოლოდ ბრენდის გამო. შესაძლოა, ავეჯი ადგილობრივ მწარმოებელს დაუკვეთოს, დაზოგილი თანხის ნაწილი კი დასვენებაში ან საკუთარ განვითარებაში დახარჯოს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მომხმარებლის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა, ადამიანები უფრო მეტად საკუთარ თავში აკეთებენ ინვესტიციას და არა მხოლოდ ინტერიერში.
ჩემი გადმოსახედიდან, განსაკუთრებით გაუჭირდათ პრემიუმ და ლუქს სეგმენტში მომუშავე იმპორტიორ ბრენდებს. მომხმარებლის ქცევის ცვლილებამ და გაზრდილმა კონკურენციამ მათთვის ბაზარზე ოპერირება გაცილებით რთული გახადა.
ავეჯის სექტორში ფასები, საუკეთესო შემთხვევაში, სტაბილურია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შემცირებულიც კი. ჩემი აზრით, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, გამოსავალი მოცულობის ზრდაში და უფრო ფართო აუდიტორიისთვის სასურველი პროექტების შეთავაზებაშია. სწორედ ეს არის გზა, რომელიც კომპანიებს რენტაბელურობის შენარჩუნებაში დაეხმარება.“ - განაცხადა დაბრუნდაშვილმა.
ინფორმაციისთვის, წელს ავეჯის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ავეჯის იმპორტმა $37.6 მლნ შეადგინა და ამ თანხით ქვეყანაში 14 831 ტონა ავეჯი შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ იმპორტი 13%-ით გაიზარდა ღირებულებით და 15.9%-ით - მოცულობით. შედარებისთვის, 2025 წლის იანვარ–აპრილში ავეჯის იმპორტი $33.2 მლნ-ის ღირებულების და 12 794 ტონის ფარგლებში იყო.
იმპორტის სტრუქტურაში ლიდერობს თურქეთი, საიდანაც $13.9 მლნ-ის ავეჯი შემოვიდა, მეორე ადგილზეა ჩინეთი - $8 მლნ-ის ღირებულების 3 398 ტონა ავეჯით. შემდეგ მოდის იტალია, საიდანაც საანგარიშო პერიოდში $2.6 მლნ-ის ღირებულების 174 ტონა ავეჯი შევიძინეთ. ბულგარეთი - $1.42 მლნ და 598 ტონა, ხოლო სლოვენია - $1.4 მლნ და 94 ტონა.
ათეულში ასევე შედის პოლონეთი, ჰონკონგი, რუსეთი, ბელარუსი და გერმანია.
რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის იანვარ–აპრილში საქართველოდან ექსპორტზე $3.2 მლნ-ის ღირებულების ავეჯი გავიდა, რომლის მოცულობამ 712 ტონა შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45.8%-იანი ზრდაა ღირებულებაში, თუმცა 2.3%-ით ნაკლებია მოცულობაში.
ექსპორტის ძირითად ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა სომხეთი, სადაც $1.9 მლნ-ის ღირებულების 428 ტონა ავეჯი გაიყიდა. მას მოსდევს რუსეთი , იტალია, საფრანგეთი სადაც $47 ათასის 1.9 ტონა ავეჯი გავყიდეთ, აზერბაიჯანი - $44 ათასით და ფილიპინები. ათეულში ასევე შედის სიერა-ლეონე, ესპანეთი, მალტა და აშშ.

























