კომპანია "ავერსი ფარმა" თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და "ავერსის" ცენტრალური კლინიკის მახლობლად ახალი კლინიკის მშენებლობას გეგმავს. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, პროექტზე სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. უძრავი ქონება კომპანია "ავერსი ფარმას" საკუთრებაშია.
ახალი კლინიკა მოიცავს 14 მიწისზედა და 4 მიწისქვედა სართულს, ხოლო მისი საერთო ფართი შეადგენს 37,671 კვადრატულ მეტრს. მშენებლობის პროცესი 42 თვეში უნდა დასრულდეს.
საავადმყოფო აღჭურვილი იქნება სხვადასხვა სამედიცინო განყოფილებით, მათ შორის რადიაციული თერაპიის დეპარტამენტით, ბირთვული მედიცინის განყოფილებით, პალატებით, საკონფერენციო დარბაზებით, კაფეტერიით, აფთიაქით და ტექნიკური ფართებით. ახალი კლინიკის სიმაღლე 58.9 მეტრი იქნება.
"0 სართულზე (±0.00 საპროექტო ნიშნულზე) დაგეგმარებულია საავადმყოფოს მიმღბი და სამომსახურეო სივრცე, რესტორანი, აფთიაქი, ტექნიკური ოთახები, ოფისები და გასახდელები.
(+3.50 საპროექტო ნიშნულზე) დაგეგმარებულია სანჟინრო დანადგარები და ტექნიკური სივრცეები
1 სართულიდან 11 სართულის ჩათვლით (+7.00 +44.00 საპროექტო ნიშნულებზე) დაგეგმარებულია პალატები (სართულზე 46 საწოლი) და საწყობები.
12 (ტექნიკური სართული) (+48.10 საპროექტო ნიშნულზე) დაგეგმარებულია საინჟინრო დანადგარები და ტექნიკური საწყობები.
13 სართულზე (+51.50 საპროექტო ნიშნულზე) დაგეგმარებულია საკონფერენციო დარბაზები, ღია სივრცე და სხვა დამხმარე სივრცეები
14 (ტექნიკური სართული) (+55.90 საპროექტო ნიშნულზე) მოწყობილია საინჟინრო დანადგარები,"- ნათქვამია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე.
"ავერსი ფარმას" საკუთრებაში არსებული კომპანიის მეწილეები არიან პაატა კურტანიძე (67%) და ნიკოლოზ კურტანიძე (33%).
კომპანიის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ავერსის შემოსავალი კლინიკების ოპერირებიდან 172 მილიონ ლარს შეადგენდა. ჯგუფის შემადგენლობაში შედის: ავერსის კლინიკა; ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი; აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა; მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა და კლინიკა მედკაპიტალი.




























