მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ავერსის კლინიკამ" სამეცნიერო კონფერენციაზე Gamma Knife წარადგინა – რა შესაძლებლობებს სთავაზობს პაციენტებს?

GAMMA KNIFE

სასტუმრო „ბილტმორში“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „რადიოქირურგია გამანაიფი კავკასიაში“ გაიმართა. ღონისძიება, რომლის მიზანიც Gamma Knife-ს ტექნოლოგიის წარდგენა იყო სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებისთვის, „ავერსის კლინიკის“ ორგანიზებით მოეწყო.

თემატურ სესიებში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, რომლებმაც აუდიტორიას საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. მათ აჩვენეს, როგორ გამოიყენება გამანაიფი ტვინის სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი მალფორმაციების და სხვა ნევროლოგიური პათოლოგიების მკურნალობაში.

„ეს აპარატი დგას მსოფლიოს 300-ზე მეტ კლინიკაში. საქართველოში და რეგიონში არც ერთ ქვეყანაში არ არის, ჩვენ კი შევიძინეთ პირველებმა. ოპერაცია ტარდება ნარკოზის გარეშე, თავის ქალის გახსნის გარეშე და სულ 15-20 წუთს მოითხოვს. პაციენტი კლინიკაში 9:00 საათზე მოდის და 11:00-ზე უკვე სახლშია“, – განაცხადა „ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ.

კომპანიაში ამბობენ, რომ Gamma Knife Esprit სისტემა ტრადიციული ქირურგიის ალტერნატივაა – უსისხლო, უმტკივნეულო, საოპერაციო დანის გარეშე. დაზიანებულ უბანზე სხივების ზუსტი მიტანით მაღალი ენერგია მიმართულია პათოლოგიურ კერაზე, ჯანმრთელ ქსოვილს კი არ აზიანებს.

"ავერსი კლინიკის" გენერალური დირექტორის, დიმიტრი ჯორბენაძის განმარტებით, აღნიშნული აპარატურა მათ კლინიკაში უკვე 1 წელია დანერგილია და 300-ზე მეტი განკურნებული პაციენტი ჰყავთ.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ საქართველოში დანერგილიყო მკურნალობის მეთოდები, რის გამოც, აქამდე პაციენტებს უცხოეთში წასვლა უწევდათ. თავდაპირველად ეს იდეა ცოტა უტოპიურად მეჩვენებოდა, თუმცა დავრწმუნდით მის აუცილებლობაში და შევიძინეთ“, – აღნიშნა „ავერსის კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ჯორბენაძემ.

ინფორმაციისთვის, 1960-იანი წლებიდან Gamma Knife ითვლება ტვინის პათოლოგიების მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე სანდო მეთოდად. ბოლო წლებში მას დაემატა ხელოვნური ინტელექტით მართული ავტომატური კონტურირება, რაც აჩქარებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ხოლო შეცდომის რისკს ამცირებს. 2025 წელს Gamma Knife-ის ბაზარმა სტაბილური ზრდა განაგრძო – მისი საბაზრო ღირებულება 390.9 მილიონი აშშ დოლარიდან 401.05 მილიონამდე გაიზარდა. ამჟამად მსოფლიოში 360-ზე მეტი სისტემა ფუნქციონირებს, ყოველდღიურად 200-ზე მეტი ადამიანი იღებს მკურნალობას ამ მეთოდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები