მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავერსმა“ შესაძლოა ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლოს

60e95bb753e5b
ელენე გოგბერაშვილი, ანა ჯოხაძე
10.07.21 19:03
1198
ის შენობა-ნაგებობები, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზეა განთავსებული „ავერსი ფარმას“ ეკუთვნის. კომპანიამ სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მლნ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მესაკუთრე კუთვნილ შენობებს დღემდე ვერ იყენებს.

წლების განმავლობაში სახელმწიფო „ავერსი ფარმას“ ქონებით სარგებლობისთვის საიჯარო თანხას უხდიდა, თუმცა 2019 წელს საიჯარო თანხაც არ გადაუხდიათ. ინფექციური საავადმყოფოს მხრიდან კომპანიისთვის ასანაზღაურებელი დავალიანება 400 000 ლარს აჭარბებს.

Bm.ge-სთან ინტერვიუში „ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მათ 2019 წლის დავალიანებას არ უხდიან. იმ შემთხვევაში კი თუ დავალიანების დაფარვა არ მოხდება, „ავერსი“ ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლოში დავას აპირებს.

კომპანია არც საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას გეგმავს, რომელსაც ვადა 2021 წლის ბოლოს გადის. შესაბამისად უკვე მომავალი წლიდან ინფექციურ საავადმყოფოს „ავერსის“ კუთვნილი შენობების დაცლა მოუწევს.


„2019 წლის სექტემბრიდან ინფექციური საავადმყოფოსთვის შეიძინეს ახალი შენობა, რომელშიც უნდა განეხორციელებინათ სარემონტო სამუშაოები და გადასულიყვნენ, შესაბამისად სამმხრივი ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროს, ინფექციურსა და ავერს შორის გაფორმებულია 2021 წლის ბოლომდე და 2021 წლის 31 დეკემბერს ეს ხელშეკრულება იწურება. ჩვენ ველოდებით, რომ ფართი დაგვიბრუნდეს უკან, ამაზე წერილობით უკვე მივმართეთ როგორც ინფექციურ საავადმყოფოს, ისე ჯანდაცვის სამინისტროს.

ვაფიქსირებთ, რომ აღნიშნული ფართი გვესაჭიროება ჩვენი მიზნებისთვის, ვაპირებთ სამედიცინო სერვისებისთვის გაფართოვებას, ახალი აპარატურის და ახალი ტექნოლოგიების შემოტანას და ხელშეკრულების კიდევ უფრო გაგრძელებას ჩვენ არ მივესალმებით. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოსთვის ისინი უზრუნველყოფენ გადასვლას და დაგვიბრუნებენ ფართს.

მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში იჯარის გადახდა ხორციელდებოდა, თუმცა გამონაკლისი იყო 2019 წელი, როცა ჩვენთვის იჯარის გადახდა არ განხორციელებულა. ეს თანხა არის 428 ათას ლარი, რომელსაც ვითხოვთ ინფექციურ საავადმყოფოსგან. არაერთხელ მივმართეთ მათ წერილობით, თუმცა უარს აცხადებენ გადახდაზე. შესაბამისად ჩვენ იძულებული ვიქნებით თუ სხვა გზას არ დაგვიტოვებენ და ეს ჩვენ წერილშიც აღვნიშნეთ, რომ მივმართავთ სამართლებრივ მექანიზმებს, როგორიც არის სასამართლო და სასამართლოს წესით მოვითხოვთ. ჩვენ იმედი გვაქვს კეთილგონიერების, ვინაიდან აღიარებული ფაქტია, რომ ისინი ფართით სარგებლობდნენ. საკუთრების უფლებას პატივი უნდა სცენ და შესაბამისად იჯარით სარგებლობისთვის დაგროვილი დავალიანება უნდა გადაუხადონ ავერსს“-აცხადებს ირაკლი ფურცელაძე.

აღსანიშნავია, რომ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიის გასხვისების შემდეგ სახელმწიფომ 2009 წელს ვალდებულება აიღო, რომ ინფექციურ საავადმყოფოს 2 წლის ვადაში ახალ შენობაში გადაიტანდა, თუმცა ამდენი წლის შემდეგ ეს ვალდებულება ისევ შეუსრულებელია.

გასულ წელს ინფექციური საავადმყოფოსთვის 33 მილიონ ლარად სახელმწიფომ ლუბლიანას ქუჩაზე ახალი შენობა უკვე იყიდა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, თუმცა ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოს არც ადგილმდებარეობა შეუცვლია.

ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით კომენატარი გასულ კვირას საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემაც გააკეთა. როგორც ცერცვაძე ამბობს, ლუბლიანას ქუჩაზე სამუშაოები გაჭიანურდა, თუმცა მისი თქმით, მთავრობა მყარ გარანტიას იძლევა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე 2022 წლის იანვრიდან გადავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები