ავღანეთში მომხდარმა ერთ-ერთმა ყველაზე დამანგრეველმა მიწისძვრამ 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და სულ მცირე 2,800 დაშავდა. ინფორმაციას ავღანეთის ხელისუფლება ავრცელებს. სამხედრო ვერტმფრენებს დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ მაშველები კი გადარჩენილებს ეძებენ.
ეს კატასტროფა კიდევ უფრო მეტად დაძაბავს ომგამოვლილი ქვეყნის "თალიბანის“ ადმინისტრაციის რესურსებს, რომელიც უკვე ებრძვის ჰუმანიტარულ კრიზისებს საერთაშორისო დახმარების მკვეთრ შემცირებასა და მეზობელი ქვეყნების მიერ ასიათასობით ავღანელის უკან გამოგდებას.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ქაბულში, შარაფათ ზამანმა, საერთაშორისო დახმარება მოითხოვა. მისი თქმით, 6 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც დაახლოებით შუაღამისას, 10 კმ სიღრმეზე მოხდა, უდიდესი ზარალი გამოიწვია.
„თალიბანის“ სპიკერის, ზაბიულა მუჯაჰიდის თქმით, მიწისძვრამ 812 ადამიანი იმსხვერპლა აღმოსავლეთ პროვინციებში — ქუნარში და ნანგარჰარში.
მაშველები ცდილობდნენ მიეღწიათ მიუვალ მთიან რაიონებამდე, რომლებიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს და მობილური კავშირისგან მოწყვეტილია.
„ჩვენი ყველა გუნდი მობილიზებულია, რათა დახმარების პროცესს მეტი სიჩქარე მიეცეს და სრულფასოვანი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, აბდულ მატენ ყანემ.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო სამაშველო ჯგუფები მთელ რეგიონში არიან გასულები: 40 რეისით 420 დაშავებული და დაღუპული გადაიყვანეს.
ეს ავღანეთში უკვე მესამე მასშტაბური მიწისძვრაა მას შემდეგ, რაც 2021 წელს „თალიბანმა“ ხელში ჩაიგდო ხელისუფლება და უცხოური ძალები ქვეყნიდან გავიდნენ, რამაც საერთაშორისო დაფინანსების შემცირება გამოიწვია.
ჰუმანიტარული დახმარებაც კი, რომელიც პოლიტიკურ სტრუქტურებს გვერდს უვლიდა და უშუალოდ მოსახლეობის საჭიროებებს ემსახურებოდა, მკვეთრად შემცირდა: 2022 წლის $3.8 მილიარდიდან 2023-ში $767 მილიონამდე.
პირველი დიდი სტიქია „თალიბანის“ მმართველობისას 2022 წელს იყო, როცა 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ აღმოსავლეთში 1,000 ადამიანი იმსხვერპლა.
ავღანეთი განსაკუთრებით მოწყვლადია დამანგრეველი მიწისძვრების მიმართ, განსაკუთრებით ჰინდუქუშის მთებში, სადაც ინდური და ევრაზიული ტექტონიკური ფირფიტები ერთმანეთს ეჯახებიან.




























