მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავიაციის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია პოტენციური ინვესტორებისთვის მესიჯი იქნება“

6152e6eac4548
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.21 23:00
745
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ავიაციის სექტორის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც შემუშავების პროცესშია, პოტენციური ინვესტორებისთვის მესიჯი იქნება იმის შესახებ, თუ საით მიდის ქვეყანა. ამასთან დაკავშირებით მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „საუბრები ავიაციაზე“ დოკუმენტის შემუშავების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ დარგის განვითარების ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა საჭირო დროს დაიწყო, რადგან პანდემიამ ყველა მიმართულებით, მათ შორის ავიაციაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა.

„ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით და მნიშვნელოვანია რომ ქვეყნები, მათ შორი საქართველო, ახალი მოდელის ოპერირებაზე გადაეწყოს, განსაკუთრებით ისეთი კომერციული მიმართულებით როგორიც ავიაციაა.

Covid-19-მა ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი დროა ის პოტენციალი და გრძელვადიანი ხედვა შევაფასოთ, რომელიც ჩვენ ამ შემთხვევაში ავიაციის და კონკრეტულად ავიაციის განვითარების კუთხით გვაქვს. მადლიერი ვართ რომ აზიის განვითარების ბანკი ამ პროცესში დაგვეხმარება. ეს იქნება ტექნიკურ-სარეკომენდაციო ფორმის დოკუმენტი, სადაც არსებული აეროპორტების გამტარუნარიანობის, კომერციული ოპერირების და იმის შეფასება მოხდება, თუ რისი შესაძლებლობა აქვს საქართველოს სხვადასხვა აეროპორტს განვითარების, გაფართოების და ადგილმონაცვლეობის მხრივ. ამავდროულად, ვთვლი, რომ ახალი აეროპორტების განვითარება სხვადასხვა რეგიონისთვის ახალი სიცოცხლის შემძენი იქნება.

ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. გრძელვადიანი სტრატეგია იქნება ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოსთვის გზამკვლევი იქნება შემდგომი ინფრასტრუქტურული, თუ საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის და ამავდროულად ეს იქნება ერთგვარი მესიჯი კერძო სექტორისთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის - საით მიდის ქვეყანა, როდესაც ჩვენ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნასა და ეტაპობრივ აღსრულებაზე ვსაუბრობთ“, - განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები