„საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლის შეწყვეტა სიგნალია იმის, რომ რუსეთმა შესაძლოა, უფრო მკაცრი ზომები მიიღოს“, - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა „საქმიანი დილის“ ეთერში ქართულ ეკონომიკაში რუსეთის წილსა და იმ მოსალოდნელ რისკებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ვლადიმერ პუტინის შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად შეიძლება დადგეს.
„2018 წელს რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების მიერ 670 მლნ დაიხარჯა, საშუალოდ მოსალოდნელი იყო 20%-იანი ზრდა, ანუ რომ არაფერი მოხდეს, დაახლოებით რუსეთიდან ვიზიტროების ბაზარი არის 800 მლნ დოლარი.
აქედან გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთიდან ვიზიტორების წილი მოდის ეთნიკურად ქართველებზე, რომლებიც თუ საზღვრები არ ჩაიკეტება, მაინც ჩამოვლენ საქართველოში. შესაბამისად, იმის პირდაპირ თქმა, რომ რაღაც ტიპის შეზღუდვები გააჩერებს ნაკადებს, არ შეიძლება. თუმცა, საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლის შეწყვეტა სიგნალია იმის, რომ რუსეთმა შესაძლოა უფრო მკაცრი ზომები მიიღოს და ყველაზე მკაცრი იქნება საზღვრის ჩაკეტვა, ამას კი, ეკონომიკაზე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.
ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანა ვიზიტორების ზრდის ყურებამ და არა დეტალებში ჩახედვამ; ჩვენ მოვდუნდით როგორც სახელმწიფო, ამ მოდუნების უკან ვერ დავინახეთ, რომ ზრდის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ნაკადები რუსეთის ფედერაციიდან იზრდებოდა, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ რუსეთშიც გაუჩნდათ მოსაზრება, რომ მათ შეუძლიათ ჩვენს ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა“, – განაცხადა ხიშტოვანმა.

























