ავოკადოს იმპორტი თითქმის გაორმაგდა. წელს პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველომ 2 მილიონ 020 ათასი დოლარის ღირებულების 1 156 ტონა ახალი ან ხმელი ავოკადო შეიძინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის მოცულობა 83.1%-ით, ხოლო ღირებულება 88.7%-ით გაიზარდა. ავოკადოს იმპორტის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ავოკადოს საიმპორტო ბაზრების არეალი არც ისე ფართოა და მხოლოდ 3 ქვეყანას აერთიანებს. აქედან საქართველოსთვის ამ დასახელების ყველაზე დიდი მომწოდებელი ნიდერლანდებია. ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- ნიდერლანდები - 1.8 მლნ დოლარი, 601 ტონა;
- თურქეთი - 182 ათასი დოლარი, 511 ტონა;
- კენია - 33 ათასი დოლარი, 43 ტონა.
სტატისტიკიდან ცხადი ხდება, რომ ნიდერლანდებში ავოკადოს ფასი უფრო მაღალია, რადგან თურქეთიდან 9 თვეში სულ რაღაც 90 ტონით ნაკლები პროდუქტი შემოვიტანეთ, თუმცა ნიდერლანდებიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება თითქმის 2 მლნ დოლარამდეა, თურქეთიდან შეძენილი საქონლის კი 200 ათას დოლარსაც არ შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან ავოკადოს რეექსპორტის მაჩვენებელიც გაიზარდა. ამ პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე 921 მლნ დოლარის ღირებულების, 272 ტონა ავოკადო გაიტანა, მაშინ როდესაც 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ეს რეექსპორტირებული 129 ტონა პროდუქტის ღირებულება 405 ათას დოლარს შეადგენდა.
ამ შემთხვევაში ერთადერთი სარეალიზაციო ქვეყანა ახლაც და წინა წლებშიც სომხეთი იყო.