ნატურალური ჩირსა და ტრადიციული ჩურჩხელას მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელა“ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას აქტიურად ცდილობს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, კომპანიას მცირე საექსპორტო აქტივობები ჩეხეთსა და საბერძნეთში უკვე აქვს. ბოლო პერიოდში კი საუბარი იყო ისრაელში გასვლაზე, სადაც ქართული ნუგბარის დიდი მოცულობით გატანა განიხილებოდა. თუმცა, კვაჭანტირაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, ისრაელმა კომპანიასთან კომუნიკაცია შეწყვიტა.
„ისრაელში აქტივობა ამ ეტაპზე კვლავ არ არის. ეს ქვეყანა ევროპული ხედვის ქვეყანაა და ჩვენთან პოლიტიკური არეულობის დაწყების შემდეგ, კატეგორიულად განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე არ გადავლენ. ამის შემდეგ, იმ სააგენტომ, რომელიც ისრაელთან დაგვაკავშირა და ჩვენს პროდუქტს კარგად იცნობს, თავად დაიწყო სხვა ბაზრების მოძიება. შედეგად, დღეს ავსტრალიის ქსელებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. უკვე გაგზავნილი გვაქვს სადეგუსტაციო ნიმუშები და პროცესი აქტიურ ფაზაშია“, – აცხადებს კვაჭანტირაძე.
მისივე თქმით, კომპანიის სტრატეგია მოიცავს სხვა ქართულ მწარმოებლებთან კონსოლიდაციასაც, რადგან დიდი მასშტაბის შეკვეთების შემთხვევაში, ერთ კომპანიას ყველა მოთხოვნის შესრულება შესაძლოა გაუჭირდეს.
„ავსტრალიის ბაზარზე ინტერესის შემთხვევაში მოცულობა ძალიან დიდი იქნება. თუ საჭირო გახდა, მზად ვართ, პარტნიორობა გავაფორმოთ სხვა ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ანალოგიურ პროდუქტს აწარმოებენ“, – ამბობს ის.
გარდა ამისა, ირმა კვაჭანტირაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ „ჩირჩხელა“ პირველად წარდგება ნიუ-იორკის მასშტაბურ საერთაშორისო კვების გამოფენაზე – The International Restaurant & Foodservice Show of New York, რომელიც 8–10 მარტს გაიმართება.
მისი თქმით, გამოფენის ორგანიზატორებმა თავად იპოვეს კომპანია და ქართული ჩურჩხელათი დაინტერესდნენ. ის დასძნეს, რომ უკვე ჩანიშნულია ნიუ-იორკში რამდენიმე B2B და პანელური შეხვედრა, სადაც დაგეგმილია დეგუსტაციები და პროდუქტის პრეზენტაციები.
„ეს არის კვების ინდუსტრიაში ყველაზე დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის გამოფენა, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იკრიბებიან, არა მხოლოდ ამერიკა და მისი შტატები. ორგანიზატორები დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ როგორც იცოდნენ, ჩურჩხელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის მიჩნეული, ისინი კი სწორედ ასეთ პროდუქტებს ეძებენ. ეს არის რესტორნების პირველი პირების შეკრება და დიდი მოლოდინები გვაქვს, რომ ჩვენი პროდუქტი მათ მენიუში აპეტაიზერის სახით შევა”, – ამბობს კვაჭანტირაძე.




























