ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, წერეთელს აღკვეთის ღონისძიებად 500,000 ლარის გირაო აქვს შეფარდებული.
დაცვის მხარე ავთანდილ წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. „საფრთხე იმისა, რომ მიემალება გამოძიებას, ან მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს, არ არსებობს. საჩივარში ვცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ თავად ბრალდების დადგენილების აღწერილობითი ნაწილი არ შეესაბამება დასკვნებს, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს“ - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა კახა წერეთელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ₾500,000 ლარის გირაოს გადახდა 27 აგვისტოს შეუფარდა, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო. ამასთანავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ბრალდებულს პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.
თავად წერეთელმა გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ის გირაოს თანხას არ გადაიხდიდა. ავთანდილ წერეთელის შვილის, ვატო წერეთელის განცხადებით, მათ ოჯახს გირაოს გადახდისთვის საჭირო ფინანსები არ აქვთ, რის გამოც, ერთადერთი გზა, ტელევიზიის აქტივების დაგირავება იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა.
პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

























