NAMU - ასე ეწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართველი სტარტაპერების მიერ დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც ამერიკელ მომხმარებელს ავთენტიკურ ქართულ ხინკალს გაყინული ფორმით სთავაზობს. "ნამუ" აშშ-ს ბაზარზე ერთი კვირის წინ გამოჩნდა და, როგორც მისი თანადამფუძნებელი, ლევან კახაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, მომხმარებელი მალევე დააინტერესა.
ლევან კახაძე "ნამუს" შექმნის იდეაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის მთავარი მიზანი აშშ-ში როგორც ქართველი, ისე ამერიკელი მომხმარებლისთვის ტრადიციულ, ქართულ ხინკალზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
"თუ ამერიკაში ცხოვრობს და არ ხარ დიდ ქალაქში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში.. ქართული სამზარეულო შენთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამერიკაში ბევრი ქართველია, ასევე ჩვენი რეგიონიდანაც ჩამოდიან, არიან ადგილობრივებიც, რომლებსაც ხინკალი გაუსინჯავთ, მაგრამ ქართული სამზარეულო მათთვისაც არ არის ხელმისაწვდომი. მთავარი იდეა აქედან წამოვიდა, რომ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ შტატში, ყველას შეეძლოს ქართული კერძების შეკვეთა.
დავიწყეთ ხინკლით, იმის გამო რომ თავადაც განსაკუთრებულად გვენატრება და ბევრს ვიცნობთ, იგივე პრობლემით. სწორედ ამ პრობლემის მოგვარება გვინდოდა", - აღნიშნავს "ნამუს" თანადამფუძნებელი.
მისივე თქმით, სამომავლო კომპანია ასორტიმენტსაც გააფართოებს და აშშ-ს ბაზარს როგორც ხინკლის ვეგეტარიანულ ვარიაციებს, ასევე ხაჭაპურს და სხვა ქართულ კერძებსაც შესთავაზებს.
NAMU-ს თანადამფუძნებელი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ხინკალს ადგილობრივ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს, რის გამოც სამომავლოდ მისი შეტანა სუპერმარკეტების ცნობილ ქსელებშიც იგეგმება.
"ნამუ" ახალი ბრენდია, ამერიკაშია დარეგისტრირებული და წარმოებაც სრულად აქ ხდება. აქამდეც შეიძლებოდა გაყინული ხინკლის ყიდვა ეთნიკურ მაღაზიებში, თუმცა წარმოება მასობრივი არ ყოფილა და არც მარკეტინგული აქტივობები ჰქონია. ჩვენი პროდუქტი არა მხოლოდ ქართველ მომხმარებელზეა გათვლილი, არამედ, მთელ ამერიკას გავაცნობთ ქართულ სამზარეულოს. როგორც ჩინური "სუპ დამპლინგი" ინარჩუნებს აშშ-ში პირველობას 20 წელია, ასევე გვინდა დავამკვიდროთ ხინკალიც.
თავდაპირველად გაყიდვები ონალინ მოხდება, ელექტრონული კომერციის ნებისმიერ არხზე, მეორე ეტაპზე კი გვინდა, რომ ქსელებშიც შევიდეთ. არა მხოლოდ ეთნიკურ მაღაზიებში, არამედ ამერიკულ "რიტეილში", WALMART-ში, Publix-ში და ა.შ. " - ამბობს კახაძე.
რაც შეეხება ფასს, ლევან კახაძე განმარტავს, რომ პროდუქტის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი და, არსებული სტანდარტით, რესტორნულ პროდუქტზე ხელმისაწვდომია. 12-ცალიანი შეფუთვის ღირებულება $39.99-ია, მისი შეძენა კი EatNamu.com-ზეა შესაძლებელი.
"დღეს რომ რესტორანში შეხვიდე, ერთი ხინკალი 4-4.5 დოლარი ღირს, როდესაც "ნამუს" უკვეთავ სახლში, ნებისმიერ შტატში უფასოდ მოგდის გაყინული ხინკალი, რომელსაც რესტორნის ხარისხი აქვს. ლოგისტიკა თვითღირებულებასაც ზრდის, სჭირდება სპეციალური შეფუთვა და ყინული.. ამიტომ, ფასი მომხმარებელზეა გათვლილი, რომ სახლში მარტივად გქონდეს ხინკალი ხელმისაწვდომი", - ამბობს კახაძე.
NAMU-ს რეცეპტზე ცნობილმა შეფმა, მალხაზ მაისაშვილმა იმუშავა. ლევან კახაძე განმარტავს, რომ შეფმა რეცეპტი დახვეწა, რათა გაყინულ ფორმაშიც წვნიანი და რესტორნული ხარისხის მქონე იყოს. კომპანიის თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ ბაზარზე "ნამუს" პოზიციონირებაც სწორედ ამ ნიშნით ხდება, როგორც "დამპლინგის", რათა უცხო მომხმარებელიც მოიზიდოს, თუმცა ვებგვერდზე სრულად არის მითითებული ხინკლის წარმომავლობისა და ტრადიციის შესახებ.
NAMU-ს თანადამფუძნებელთა შორის UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილიცაა, რომელიც საწარმოო პროცესში სრულადაა ჩართული და ქართულ ხინკალს პოპულარიზაციას უწევს. ლევან კახაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში პროდუქტის და ამერიკულ ვებგვერდზე სტატიის განთავსების შემდეგ, გამოხმაურება მოსალოდნელზე მაღალი იყო. მისი თქმით, რიცხვები კონფიდენციალურია, თუმცა მაღალმა ინტერესმა კომპანიაში წარმადობის ზრდის საკითხიც დააყენა.
ლევან კახაძე აღნიშნავს, რომ კომპანიის აქტიური რეკლამირება და მარკეტინგული აქტივობები ოქტომბრიდან იგეგმება, რის შემდეგაც მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრის სრულად ათვისებაა.