მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტოფარეხში $50-ად ნაყიდი პორტრეტი ვან გოგის აქამდე უცნობი ტილო აღმოჩნდა - CNN

ელიმარი

მინესოტაში, ავტოფარეხში მოწყობილ ძველმანების გამოფენა-გაყიდვაზე 2016 წელს $50-ად ნაყიდი პორტრეტი, სავარაუდოდ, ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ტილოა - ამის შესახებ CNN-ის სტატიაშია საუბარი, რომელიც კვლევით ცენტრ LMI-ის ანალიზს ეყრდნობა.

LMI Group International-ის ექსპერტების შეფასებით, პორტრეტი ვან გოგმა 1889 წელს საფრანგეთში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას დახატა. ტილო 2016 წელს ანტიკვარი ნივთების კოლექციონერმა შეიძინა, ნახატის მარჯვენა ქვედა კუთხეში კი ვხედავთ წარწერას: Elimar.

ექსპერტებს პორტრეტის შესაფასებლად 4-წლიანი პროცესის გავლა დასჭირდათ. ტილოზე ზეთის საღებავებით მეთევზის გამოსახულებაა დატანილი, რომელსაც თავისი ბადე უჭირავს. LMI-ის ცნობით, ტილოზე აღმოჩენილია მამაკაცის თმის ღერიც, თუმცა დაზიანების გამო მისი დნმ-ის დადგენა და ვან გოგის შთამომავლებთან შედარება შეუძლებელია.

"ცოდნის ტრადიციულ ინსტრუმენტებთან, ისტორიულ კონტექსტთან, ფორმალურ ანალიზთან და წარმოშობის კვლევასთან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებით, ჩვენი მიზანია, გავაფართოვოთ და მოვარგოთ ავთენტიფიკაციის ჩვენთვის ხელმისაწვდომი რესურსები ჩვენს ხელთ არსებული ნამუშევრის პარამეტრებს.

ვან გოგის ამ დრომდე უცნობი ნახატის აღმოჩენა სიურპრიზი არ უნდა იყოს, ცნობილი ფაქტია, რომ მხატვარმა არაერთი ნამუშევარი დაკარგა, გააჩუქა მეგობრებზე და არ უფრთხილდებოდა ნახატებს, რომლებსაც საკვლევ საგნად მიიჩნევდა, ასეთი კი ბევრი იყო", - ნათქვამია LMI-ის პრესრელიზში.

მიუხედავად ფირმის ანალიზისა, ვან გოგის ავტორობა ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმმა უნდა დაადასტუროს. ნახატის წინა მფლობელმა 2018 წელს სცადა, მუზეუმისგან დასტური მიეღო, თუმცა უშედეგოდ. LMI კი, რომლის ხელშიც ტილო 2019 წლიდან აღმოჩნდა, ირწმუნება, რომ ნამუშევარი ავთენტიკურია.

დადასტურების შემთხვევაში, პორტრეტი შესაძლოა, $15 მილიონად შეფასდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები