საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის შემცირება ოფიციალურ სტატისტიკაზე მეტადაც შეიძლება იყოს, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ კომპანია „კავკასუს ავტოიმპორტის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა ტატო ნორაკიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ოფიციალური მონაცემებით ავტომობილების იმპორტი 20.3%-ით არის შემცირებული, თუმცა ეს მაჩვენებელი რეალურ სურათს სრულად არ ასახავს, რადგან საქსტატის სტატისტიკა ავტომობილის რეგისტრაციის თარიღს ეყრდნობა და არა ქვეყანაში შემოსვლის დროს.
„როდესაც მანქანა საქართველოში შემოდის, შესაძლოა, მისი რეგისტრაცია ორი, სამი ან ექვსი თვის შემდეგაც მოხდეს. შესაბამისად, ეს მონაცემები მომდევნო თვეების სტატისტიკაში აისახება. ჩვენი ინფორმაციით, 20.3%-ის ნაცვლად იმპორტის რეალური შემცირება დაახლოებით 30%-დან 50%-მდე შეიძლება იყოს. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, მესამე და მეოთხე კვარტალის მონაცემებში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება“, - განაცხადა ნორაკიძემ.
მისივე თქმით, წლის პირველი და მეორე კვარტალი ავტობაზრისთვის ტრადიციულად შედარებით სუსტია, ხოლო აქტიურობა, როგორც წესი, წლის მეორე ნახევარში იზრდება. ამასთან, შეიცვალა რეექსპორტის ბაზრების სტრუქტურაც - ზოგიერთი ბაზარი გაჯერდა, რის გამოც სექტორი ახალ მიმართულებებს ეძებს.
ინფორმაციისთვის, წელს, 6 თვეში საქართველოში 1.615 მილიარდი დოლარის მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.938 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ანუ კლება 17%-მდეა.




























