მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოიმპორტიორებისთვის პროცედურები მარტივდება - რა შეიცვალა?

ნონიაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ავტომობილთა იმპორტიორებისთვის პროცედურები მარტივდება.

კერძოდ, განხორციელდა ცვლილებები ავტომობილის ემისიის ევრო 5 (Euro 5b) სტანდარტის შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის დადგენილებაში.

ცვლილებების მიხედვით, გამარტივებული დოკუმენტაციური კონტროლი დაწესდა როგორც უკვე ჩამონათვალში არსებულ ქვეყნებში, ასევე ახლად დამატებულ ორ ქვეყანაში - ისრაელსა და ჩინეთში.

ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვები იყო შესაბამისი გამოშვების წლის გათვალისწინებით:

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები - ≥2013;
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო - ≥2013;
  • შვეიცარიის კონფედერაცია - ≥2013;
  • ნორვეგიის სამეფო - ≥2013;
  • ამერიკის შეერთებული შტატები - ≥2013;
  • იაპონია - ≥2013;
  • სამხრეთ კორეა - ≥2013;
  • თურქეთის რესპუბლიკა - ≥2013;
  • კანადა - ≥2013;
  • ჩილე - ≥2013;
  • ავსტრალიის თანამეგობრობა - ≥2016;
  • რუსეთის ფედერაცია (2022 წლამდე რეგისტრირებული) - ≥2016 − ≤2021;
  • სინგაპურის რესპუბლიკა - ≥2017;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები (მხოლოდ N3 კატეგორიის ავტომობილებისთვის) - ≥2021.

ჩამონათვალს დაემატა ისრაელი და ჩინეთი. სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში სრულად დანერგილია ევრო 5 სტანდარტის ტოლფასი მოთხოვნები. შესაბამისად, დაინტერესებულ ავტოიმპორტიორებს აღარ დასჭირდებათ სამინისტროს დასკვნა 1 წელზე მეტი ასაკის და სათანადო წელს გამოშვებული, ჩინეთიდან და ისრაელიდან ექსპორტირებული ან ამ ქვეყნებში რეგისტრირებული ავტომობილების საქართველოში რეგისტრაციისთვის.

მავნე ნივთიერებათა და გამონაბოლქვის ზღვრული ნორმებს, დოკუმენტის მიხედვით ცვლილება არ შეხებია. თუმცა, გაფართოვდა დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც ადასტურებს ემისიების დადგენილ ზღვართან შესაბამისობას.

"გამარტივებული დოკუმენტაციური კონტროლი დაწესდა როგორც უკვე ჩამონათვალში არსებულ ქვეყნებში, ასევე ახლად დამატებულ ორ ქვეყანაში - ისრაელსა და ჩინეთში. კერძოდ, ასეთი 1 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტიორს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს დასკვნის ასაღებად, შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს ავტომობილის მწარმოებლის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლის/დილერის მიერ მასთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი. დოკუმენტაციური ჩამონათვალი ასევე გაიზარდა აშშ-ში ან აშშ-ს ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვისაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები