ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან მიღებულმა შემოსავალმა 2017 წელს 11,4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 21%-იანი ზრდაა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის კომპანიებს 73 ათასი მოქმდი პოლისი ჰქონდათ, მაშინ როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 58 ათასი იყო.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისების ნახევარზე მეტი საცალო ბაზარზე გაიყიდა, დანარჩენი კი კორპორატიულ კლიენტებსა და სახელმწიფო ორგანოებზე.
შეგახსენებთ, რომ ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ჯერჯერობით ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობას წარმოადგენს, თუმცა 2019 წლიდან ის სავალდებულო გახდება. მიმდინარე წლის 1 მარტიდან აღნიშნული დაზღვევა უკვე სავალდებულოა უცხოეთში რეგისტრირებული მანქანებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან. სადაზღვევო სექტორი ამ მიმართულებიდან წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის პრემიის მოზიდვას ვარაუდობს.

























