ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის რეფორმა ბაზარს 25%-ით გაზრდის - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, კანონპროექტი პრაქტიკულად, მზად არის და მისი ამოქმედება არა მხოლოდ ბაზარს გაზრდის, არამედ მოსახლეობის სოციალურ დაცვასაც უზრუნველყოფს.
„დღეს, საქართველოში ავტომობილების მხოლოდ 8-10%-ია დაზღვეული. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა კი, ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ, ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვს. ადამიანს შეიძლება 5000-ლარიანი მანქანა ჰყავდეს, დაეჯახოს 100 000-იან „მერსედესს“ და სახლის გაყიდვა მოუწიოს ზარალის ასანაზღაურებლად. კანონით კი, შესაძლებელი იქნება, წელიწადში დაახლოებით 250 ლარი გადაიხადოს - რაც დღეში ლარზე ნაკლებია და ის სრულად იქნება დაზღვეული ასეთი შემთხვევებისგან", - განმარტავს ონოფრიშვილი BMG-სთან.
სამსახურის უფროსი იმედოვნებს, რომ მთავრობა კანონპროექტს პარლამენტში უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან შეიტანს.
ამასთან, სავალდებულო დაზღვევის სქემის შემოტანის შემდეგ, სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველი კომპანიებისთვის სავალდებულო კაპიტალის მოთხოვნების ზრდას განიხილავს:
"მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოტანის შემდეგ - როდესაც დიდი ხარჯების გაწევა მოუწევთ კომპანიებს, ერთი-ორი წლის შემდეგ, შესაძლებელი იქნება რაღაც ოდენობით, დარგის კაპიტალის ზრდაზეც ვიფიქროთ, რადგან რისკებიც უფრო გაზრდილი იქნება.
ამჟამად, ჩვენ გადახდისუნარიანობა "სოლვენსი 1" სისტემაში ვმუშაობთ და "სოლვენსი 2"-ის სისტემაზე გადავდივართ. ევროკავშირის დირექტივით, "სოლვენსი 2"-ზე გადადიან ის კომპანიები, ვისაც 5 მლნ ევროზე მეტი კაპიტალი აქვს. ჩვენთან, ამ მიდგომით, 5 მლნ ევრო მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს. ანუ, ნაწილი გადახდისუნარიანობა "სოლვენსი 2"-ზე გადავა, ნაწილი კი არსებულ სისტემაში ჩარჩება, თუ თავად არ მოინდომეს გადასვლა", - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
საქართველოს სადაზღვევო სექტორი ეტაპობრივად ევროპულ, რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობის სისტემაზე გადადის, რომელიც Solvency II-ის სახელითაა ცნობილი.
ონოფრიშვილის განმარტებით, აღნიშნული რეჟიმი სრულიად ცვლის არსებულ სტატიკურ მიდგომას და აქცენტს კომპანიების მართვის ხარისხსა და რისკების სწორ შეფასებაზე აკეთებს. ახალი მოდელი სამ ძირითად სვეტს (პილარს) ეყრდნობა: 1) კაპიტალის მოთხოვნები: გადახდისუნარიანობის ახალი სტანდარტების დამკვიდრება. 2) მმართველობითი ფუნქცია: რომელიც მოიცავს მართვის, შესაბამისობისა და შიდა აუდიტის გაძლიერებას. 3)გამჭვირვალობა: ანგარიშგების ახალი ფორმები და მაქსიმალური საჯაროობა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ხაზს უსვამს, რომ რეფორმის მთავარი ბენეფიციარი მომხმარებელია და სისტემის მიზანია, ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევისას, ზარალი გარანტირებულად ანაზღაურდეს.




























