მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ტარიფი თვეში 10-12 ლარს არ გასცდება"

5e552f227d9d1
ელენე გოგბერაშვილი
25.02.20 19:25
1328
ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა დოკუმენტის განხილვები აქტიურად ჯერ არ დაწყებულა.

პროცესების დაჩქარების მიზნით, სადაზღვევო ინდუსტრიამ წერილით მიმართა მთავრობას, პარლამენტს და მათ შორის პრემიერსაც თუმცა პროცესი სამუშაო რეჟიმს ვერ გასცდა. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, კანონპროექტის რიგი მუხლები შესაცვლელია.

მათი შეთავაზებით, სავალდებულო დაზღვევა ეტაპობრივად უნდა ამოქმედდეს, წლიური სადაზღვევო პრემია კი, ავტომობილის ძრავის ან წლოვანების მიხედვით განისაზღვროს.

„ფორმალური პროცესი ჯერ დაწყებული არ არის, კონსულტაციები დავიწყეთ, იმედი გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე ამ კანონიპროექტის განხილვა ფორმალურადაც დაიწყება, რადგან ეს დოკუმენტი წელიწადზე მეტია პარლამენტში დევს.

ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ ეს სისტემა ეტაპობრივად დაინერგოს რამდენიმე წლის მანძილზე. დაახლოებით, შეიძლება იმ სტილში, როგორც ტექდათვალიერება შევიდა ძალაში. არ არის აუცილებელი ძრავის მოცულობაზე იყოს მიბმული, შეიძლება მანქანის ასაკზე და ა.შ. მე ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში, ჩვენი ავტოპარკის ძირითადი ნაწილისთვის ეს ტარიფი არ გასცდება თვეში 10-12 ლარს“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტის მე-5 მუხლი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით, კერძოდ:

ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 - 110.00 ლარი;
ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500
კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ
აღემატება – 100.00 - 150.00 ლარი;
გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა)
რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 - 240.00 ლარი;
დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500
კგ-ს აღემატება – 210.00 - 310.00 ლარი;
ე) მისაბმელისათვის – 50.00 - 75.00 ლარი;
ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი
მანქანისათვის – 60.00 - 90.00 ლარი.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, სადაზღვევო პრემიების გაანგარიშების დროს მხედველობაში იქნა მიღებული მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ გაანგარიშებული და შემოთავაზებული მაჩვენებელი მსუბუქ ავტომობილებზე საქართველოში არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები