საქსტატმა 2026 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველომ იანვარ-აპრილში 5.7 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა უცხოეთიდან, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით ნაკლებია. იმპორტის კლებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 23%-იანმა კლებამ, რაც თავის მხრივ ავტომობილების რეექსპორტის სექტორის 29%-ით შემცირებასთან არის დაკავშირებული. მთლიანობაში პერიოდის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 926 მილიონი დოლარის ავტომობილები იყიდა. ასევე ამ კლებაზე გავლენა მოახდინა პარლამენტის მიერ პირველი აპრილიდან ავტომობილების განბაჟების აქციზის გაზრდამ.
მეორე ადგილზეა ნავთობპროდუქტები 471 მილიონი დოლარით, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. ზრდა ძირითადად საწვავის ფასების გაძვირებას უკავშირდება. მესამე პოზიციას იკავებს ბუნებრივი აირის 254 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 17%-ით არის გაზრდილი.
ასევე წელს იმპორტში 118 მილიონი დოლარით მოხვდა ნედლი ნავთობი, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი - "ბლექ სი პეტროლიუმის" ქარხნის ამოქმედებასთან, რის შედეგადაც, იანვარ-აპრილში საქართველოდან 324 მილიონი დოლარის გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. როგორც საქსტატის ვებგვერდიდან ირკვევა, ჯერჯერობით ნედლი ნავთობის შესყიდვა სრულად რუსეთიდან ხორციელდება.
რაც შეეხება სხვა საქონელს, გაზრდილია არმატურის, მედიკამენტების და სპილენძის მადნების იმპორტი, ხოლო შემცირებულია სატვირთო ავტომობილების იმპორტი.
2026 წლის იანვარ-აპრილის მთავარი საიმპორტო საქონელი:
| # | საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/კლება წინა წელთან |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $926 | -23% |
| 2 | ნავთობპროდუქტები | $471 | 19% |
| 3 | ბუნებრივი აირი | $254 | 17% |
| 4 | სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | $246 | 13% |
| 5 | ნედლი ნავთობი | $118 | წინა წელს ამ საქონლის იმპორტი არ ფიქსირდებოდა |
| 6 | მობილური ტელეფონები | $98 | 13% |
| 7 | სპილენძის მადნები და კონცენტრატები | $67 | 176% |
| 8 | არმატურა | $54 | 14% |
| 9 | ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები | $50 | 28% |
| 10 | სატვირთო ავტომობილები | $49 | -25% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $3,360 | -9% |



























