საქართველოში ავტომობილებზე ფასები შესაძლოა კიდევ 15-20%-ით გაიზარდოს. ამის შესახებ „ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ BM.GE-სთან განაცხადა.
მისი შეფასებით, ავტომობილების გაძვირებაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, გაზრდილი განბაჟება, მიწოდების შემცირება, აშშ-ის აუქციონებზე ავტომობილების ფასების მატება და ლოგისტიკური ხარჯები.
"ზუსტი ციფრის თქმა რთულია, თუმცა, სავარაუდოდ, საშუალოდ 15-20%-ის ფარგლებში ველით ფასების ზრდას. ამაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ერთი ის არის, რომ განბაჟება გაძვირდა, რაც პირდაპირ აისახება ფასზე. მეორე ფაქტორია მიწოდების შემცირება, როდესაც მიწოდება მცირდება და მოთხოვნა იგივე რაოდენობით რჩება, ეს, ბუნებრივია, ფასების ზრდას იწვევს. ამას ემატება აშშ-ის აუქციონებზე ავტომობილების ფასების ზრდა და გარკვეული ლოგისტიკური პრობლემები, რომლებიც ასევე ხარჯების მატებას უკავშირდება. ეს ტრენდი ჯერ კიდევ ნარჩუნდება. ამიტომ, ფასების კიდევ ზრდას ველოდებით", - განაცხადა ნონიაძემ.
2026 წლის 1 აპრილიდან ავტომობილების აქციზი გაძვირდა და განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.
























