მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტომობილების ახალი პრემიალური ბრენდი  საქართველოში - როგორ გახდა შესაძლებელი Lotus-ის ოფიციალურად შემოყვანა?

Lotus
08.11.25 14:17
514

საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ახალი პრემიალური ბრენდი შემოვიდა - ბრიტანული Lotus-ი, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი გეზ მოტორსია. პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო ახალი, თანამედროვე სტანდარტების შოურუმი კახეთის გზატკეცილის #15-ში უკვე მზადაა ავტომოყვარულთა დასახვედრად.

35 მილიონი ლარის ჯამური ინვესტიციით, Lotus-ის პროექტი ახალ სიტყვას წარმოადგენს ქართულ საავტომობილო ინდუსტრიაში, როგორც ხარისხითა და დიზაინით, ისე მომსახურების სტანდარტით.

გეზ მოტორსის კომერციული დირექტორი, ლევან მიქაძე იხსენებს, რომ Lotus-ის შემოყვანა შემთხვევითი გადაწყვეტილება არ ყოფილა:

„Lotus-ის შემოყვანის იდეა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ლოგიკური გაგრძელება იყო. ჩვენ ვეძებდით ისეთ ბრენდს, რომელიც შეცვლიდა ავტომობილების აღქმას საქართველოში - ბრენდს, რომელიც აერთიანებს სისწრაფეს, ინოვაციასა და ინჟინერიას. ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, ბრიტანული ბრენდისგან ოფიციალური, ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსი მივიღეთ და დღეს ვამაყობთ, რომ Lotus-ი უკვე საქართველოშია.“

მისი თქმით, ახალი შოურუმის მიზანი არა მხოლოდ ავტომობილების გაყიდვა არამედ, ბრენდის ფილოსოფიის გადმოცემაა:

„ჩვენ გვსურდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც სრულად გადმოსცემდა Lotus-ის ხასიათს, სპორტულობას, ელეგანტურობასა და ინოვაციურ სულს. ეს შოურუმი სწორედ ამის განსახიერებაა.“

ლევან მიქაძე ხაზს უსვამს, რომ Lotus-ის მომხმარებელი გამორჩეული და განსხვავებულია:

„Lotus-ი შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ავტომობილის მართვას არა უბრალოდ გადაადგილებად, არამედ ემოციურ გამოცდილებად აღიქვამენ. ეს არის ბრენდი მათთვის, ვისაც დახვეწილი გემოვნება აქვთ, აფასებენ ტექნოლოგიას და მართვის კულტურას. ყოველი კილომეტრი მათთვის გამოცდილებაა, ხოლო ყოველი მგზავრობა - ემოციური გამოცდილება.“

ლევან მიქაძე აღნიშნავს, რომ Lotus-ის პროექტის წარმატებაში დიდი როლი საქართველოს ბანკმა ითამაშა.

„საქართველოს ბანკი ჩვენი ძლიერი და სანდო პარტნიორია, რომლის მხარდაჭერამ Lotus-ის პროექტის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. საქართველოს ბანკი ჩაერთო პროცესში, გააანალიზა ჩვენი გეგმა, შეაფასა პოტენციალი და განვითარების ყველა ეტაპზე დაგვიჭირა მხარი.

საქართველოს ბანკთან ურთიერთობა ჩვენთვის ნდობას, პროფესიონალიზმსა და საერთო მიზნის განცდას ნიშნავს. სწორედ ასეთ პარტნიორებთან ერთად იქმნება წარმატებული ისტორიები - ისევე, როგორც Lotus-ის ისტორია საქართველოში“.

საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ოსკოპელი აღნიშნავს, რომ ბანკის სტრატეგია ქვეყნის საავტომობილო სექტორის გაძლიერებას ემსახურება:

„Lotus-ის შემოსვლა არა მხოლოდ გეზ მოტორსისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს საავტომობილო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს ქმნის, აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას და ქართულ ბაზარს რეგიონული მნიშვნელობის ცენტრად წარმოაჩენს.“

მისი თქმით, ბანკისთვის პრიორიტეტულია იმ ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც ახალ სტანდარტებს ქმნიან და ინდუსტრიის განვითარებაზე ახდენენ გავლენას.

„დღეს ქვეყანაში ავტომობილების თითქმის 90% ათ წელზე მეტისაა. ახალი, მაღალი სტანდარტების მქონე ბრენდების შემოსვლა აუცილებელია ავტოპარკის გაჯანსაღებისთვის. Lotus-ის შემოსვლა კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.“

გეზ მოტორსის გეგმა მხოლოდ თბილისის შოურუმით არ შემოიფარგლება.

„2026 წელს ვგეგმავთ ახალი SUV-ის წარდგენას, რომელიც Lotus-ის სტილსა და ინოვაციურ სულს გააგრძელებს. უახლოეს ორ წელიწადში გავხსნით ორ ახალ შოურუმს თბილისში და ბათუმში, ხოლო 2026 წლიდან Lotus-ის დისტრიბუციას ამიერკავკასიაში განვავითარებთ.“

საქართველოს ბანკისა და გეზ მოტორსის ერთობლივი ხედვა უფრო შორს მიდის, ვიდრე ერთი ბრენდის წარმატება. როგორც ნიკოლოზ ოსკოპელი აღნიშნავს:

„ეს პარტნიორობა გრძელვადიანია. გეზ მოტორსის გუნდი ხედვითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად ახალი პროექტები განვახორციელოთ და ქართული საავტომობილო ინდუსტრია კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

ბანკისთვის მნიშვნელოვანია როგორც, კონკრეტული პროექტის წარმატება, ასევე გეზ მოტორსის გუნდთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება. ჯგუფს კიდევ არაერთი ამბიციური გეგმა აქვს, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ. მიმაჩნია, რომ დაგეგმილი პროექტები და ახალი ინიციატივები ხელს შეუწყობს ავტომობილების ბიზნესის მდგრად განვითარებას, მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებას და ახალი, ინოვაციური ბრენდების შემოყვანას ქართულ ბაზარზე. მიხარია, რომ კომპანია მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე. ჩვენთან პარტნიორობით კი მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ქართული საავტომობილო ბაზრის რეგიონული მნიშვნელობის ცენტრად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები