მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ავტომობილების განბაჟება უნდა გაიაფდეს, აკრძალვით პრობლემა არ გვარდება" - როგორ უნდა განახლდეს ავტოპარკი?

ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები ევროპაში 2025

ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში მთავრობასთან კონკრეტული შეთავაზება აქვთ, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ავტოპარკის განახლება.

როგორც ავტოიმპორტიორთა გაერთიანების თავმჯდომარემ “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ქვეყანაში ახალი ავტომობილების შემოყვანის ხელშესაწყობად ხელისუფლებამ რეგულაციების შემოღების ნაცვლად შეღავათები უნდა დააწესოს.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ქვეყანაში შედარებით დაბალი წლოვანების მანქანების შემოყვანის წახალისებისთვის მთავრობამ მსგავსი ტიპის ავტომობილების განბაჟება უნდა გააიაფოს.

„დღეს რომ გვაქვს საშინელი ეკოლოგიური მდგომარეობა, იმიტომ გვაქვს, რომ მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, ძველი ავტომობილი ჩაანაცვლოს ახლით. განბაჟება კი არ უნდა გაგვეძვირებინა, პირიქით, ხელი უნდა შეგვეწყო.

ჩვენ [მთავრობას] რამდენიმე გამოსავალს ვთავაზობთ. მაგალითად, 2020 წლის ზევით ასაკის ავტომობილების განბაჟება ძალიან გაიაფდეს რამდენიმე წლით. ამ შემთხვევაში ავტომფლობელს ექნება საშუალება, თავისი ძველი მანქანა გაყიდოს და ჩაანაცვლოს ახლით. ავტომობილის შეძენა საქართველოს მოქალაქისთვის მარტივი არ არის, ჯერ აუქციონზე უნდა იყიდო, მერე ემატება ტრანსპორტირება, პორტის ხარჯი, განბაჟება... აკრძალვით პრობლემა არ გვარდება”, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

ამასთან, ასოციაციაში ამბობენ, რომ მთავრობის მიერ დასახელებული ქვეყანაში არსებული ავტომობილების რაოდენობა, 2 მილიონზე მეტი მანქანა, შესაძლოა რეალობას არ ასახავდეს, რადგან ამ რაოდენობიდან გარკვეული წილი უკვე ამორტიზებულია და გზებზე აღარ გადაადგილდება.

“როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლიდან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა, რომელიც უტოლდება 2 მილიონს. ჯერ ერთი, საინტერესო იქნებოდა ჩამოწერილი ავტომობილების [რაოდენობა], რომლებიც აღარ მოძრაობენ და რეალურად საერთოდ აღარ არსებობს ზოგი ფიზიკურად, განადგურებულია ან წლებია მფლობელი აღარ ქოქავს. ამ მანქანების ჩამოწერა უნდა მოხდეს”, - აღნიშნა დარბაისელმა.

ცნობისთვის, 1 აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება. კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები