“რეალურად ჩვენი ბიზნესი გაჩერდა”- კომპანია Carmark-ის დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ფაქტობრივად გაჩერებულია.
ირაკლი კუხიანიძის თქმით, რეგულაციების, საწვავის გაძვირებისა და აშშ-ის მეორადი ავტომობილების კრიზისის გამო, კომპანიას სადილერო მიმართულებით 90%-იანი, ხოლო საცალო გაყიდვებში 65%-იანი ვარდნა აქვს.
მისი შეფასებით, საქართველომ საავტომობილო ჰაბის ფუნქცია დაკარგა. ისეთი ბაზრები, როგორიც სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, და ყირგიზეთია, ახალი კანონმდებლობისა თუ პირდაპირი იმპორტის გამო საქართველოდან მეორად ავტომობილებს აღარ ყიდულობენ.
“90%-იანი ვარდნა მაქვს დილერების მიმართულებაზე და რითეილზე, საცალო გაყიდვებზე 65%-იანი ვარდნა მაქვს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ოფისი გაჩერებულია. მოლოდინი გქონდა, რომ მოსახლეობა შეეგუებოდა ახალ ტარიფებს, მოხდებოდა გადაწყობა, მაგრამ კანონში ცვლილებებს [განბაჟების ტარიფის ზრდა] კიდევ დაემატა საწვავის გაძვირება, რამაც გააძვირა ტრანსპორტირება. ასევე, ამერიკაში მეორადი ავტომობილების კრიზისია. შესაბამისად, ამ ყველაფერმა ერთად გააძვირა პროდუქტი და მოსახლეობას ფიზიკურად არა აქვს საშუალება, რომ შეიძინოს ავტომობილი.
რაც შეეხება დილერებს, დილერებს უბრალოდ აღარ უღირთ ავტომობილების წამოყვანა, იმიტომ რომ ძირითადად ის ავტომობილები, რომლებიც გადიოდა რეექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში, ასაკობრივ ზღვარში — ანუ 6-წლიან ასაკობრივ ზღვარში — ვერ ჯდება, 2020-იანი ავტომობილის წამოყვანა კი ჯერ ერთი ძვირია და თან მოთხოვნაც არ არის. შესაბამისად, დილერები გაჩერდნენ.
რუსთავში შეგვიძლია ჩავიდეთ და შევხედოთ რა ხდება მომსახურების სააგენტოს გარშემო, სადაც რიგები იდგა. ახლა ცარიელია. ჰაბის ფუნქცია ამ ეტაპზე დაკარგული გვაქვს.
კომპანიის გადარჩენის მიზნით გადავერთეთ ჩინეთზე. რეალურად ჩინეთზე გვაქვს ზრდა. კანონში ცვლილებებამდეც იყო ინტერესი უკვე ჩინური ავტომობილების მიმართ, მაგრამ ისეთი რაოდენობით არა, როგორც ახლა. რომ ნახოთ კომპანიაში შემოსული ლიდები, 70-75% სულ ჩინური მიმართულების ლიდებია, რადგან მოსახლეობა ცდილობს შედარებით იაფად ჩინეთიდან წამოიყვანოს უფრო ახალი ავტომობილი”,-აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.
„საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ინფორმაციით, “ავტომობილების განბაჟების გაძვირებიდან ანუ 2026 წლის 1 აპრილიდან 6 თვის მანძილზე ავტოინდუსტრიის ჯამურმა დანაკარგმა, იმპორტისა და ექსპორტის კლების გათვალისწინებით, თითქმის 1 მილიარდი დოლარი შეადგინა”.
“მსხვილ ლოგისტიკურ ოპერატორებს ვაჭრობა - 20%-ით, ხოლო მცირე და საშუალო კომპანიებს 60-70%-ით შეუმცირდათ”. ასოციაციის ცნობით, “დილერების 60-70% ავტომობილების ვაჭრობით საქმიანობისგან თავის შეკავების რეჟიმშია. თითოეულ ავტომობილზე კაპიტალდაბანდება 10 000-დან 15 000 დოლარამდე გაიზარდა, ლოგისტიკური შეფერხებების გამო გაიზარდა ჩამოყვანისა და კაპიტალის ამოღების ვადები, ხოლო მოგების მარჟა განახევრდა, რამაც ბევრი სუბიექტის ბაზრიდან გასვლა გამოიწვია”.
საქსტატის თანახმად, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ ავტომობილების რეექსპორტით 1.5 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 475 მილიონიან ანუ 24%-იან კლებას ნიშნავს. შემცირებულია ავტომობილების იმპორტიც - 3 მლრდ დოლარიდან 2.6 მილიარდ დოლარამდე - კლება 13%-ია.
























