მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი 49-ჯერ ჩაასხეს - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აუდიტი

საწვავი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2022-2023 წლებში სატრანსპორტო საშუალებაში ერთჯერადად ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 49 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დროის მცირე მონაკვეთში − ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის 2 შემთხვევა.

ამის შესახებ აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ შეთხვევებში სულ ჩასხმულია 4.2 ათასი ლიტრი საწვავი.

"ეს შეუსაბამობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აგაი სისტემით აღჭურვილი ავტომანქანისათვის განკუთვნილი საწვავით იმართება სხვა ტრანსპორტი, ჩიპის გადაადგილების შემთხვევაში", - წერს აუდიტი და დასძენს, რომ საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. "შედეგად, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდა შესაძლებლობა − აგაი სისტემა (ავტორიზებული ავტომობილის ავზზე მონტაჟდება სპეციალური ჩიპი, რომლითაც ხდება ავტომობილის იდენტიფიცირება ავტოგასამართ სადგურზე) დაენერგა ყველა ავტომობილისათვის, გამოვლინდა VIP ბარათების გამოყენების შემთხვევები, რა დროსაც საწვავის ხარჯვა სათანადო კონტროლის გარეშე ხორციელდება", - აღნიშნულია ანგარიშში.

საწვავის მოხმარების გარდა, აუდიტის ანგარიშში ხაზგასმულია კიდევ არაერთი გამოვლენილი ხარვეზი, რომლებიც 2016-2017 წლების აუდიტის დროსაც ფიქსირდებოდა.

კერძოდ, აუდიტმა გამოავლინა შემდეგი:

ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტმა 2022-2023 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

2023 წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 2.9 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 768.2 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.

ხელშეკრულების ადმინისტრირების ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში დანერგილია კონტროლის სუსტი მექანიზმები, რაც რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივი ღირებულების შესახებ. არსებობს რისკი, რომ მიმწოდებლების მიერ გამოყენებულია ადგილზე არსებული ინერტული მასალები. შედეგად, საბიუჯეტო სახსრები ზედმეტადაა ანაზღაურებული.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები - ფინანსური აქტივების მართვის ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა გასწია 39.1 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და შეისყიდა ისეთი საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც გონივრულ ვადაში არ გამოუყენებია. გარდა ამისა, არ განხორციელდა არსებითი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები.

უხარისხო პროექტებით შესყიდული ინფრასტრუქტურული ობიექტების ღირებულებამ შეადგინა 8.2 მლნ ლარი. პროექტებსა და ხარჯთაღრიცხვებში არსებული ხარვეზების გამო, იცვლებოდა სამუშაოების მოცულობები ან/და ემატებოდა ახალი სამუშაოები. აღნიშნული ხშირ შემთხვევაში იწვევდა სამუშაოების დასრულების ვადების გაზრდას. კერძოდ, 35 ხელშეკრულებაში მიწოდების ვადები 7-დან 140 დღემდე გაიზარდა.

მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ხარვეზები - თვითმმართველ ერთეულში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემური პრობლემა: მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს შესაბამისი პროფილის პასუხისმგებელი სუბიექტი; მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყალი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია.

32 სოფლის 3,476 ოჯახისათვის წყლის სისტემები არ არის მოწყობილი, შესაბამისად, მუნიციპალიტეტი წყალმომარაგებას არ ახორციელებს და მოსახლეობა სარგებლობს ჭებით და ბუნებრივი წყაროებით.

იურიდიული პირების დაფინანსებასა და საქმიანობაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სუბიექტების საქმიანობის და მართვის კონტროლში არსებული სისუსტეები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ხარჯვის რისკებს. კერძოდ, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ფუნქცია - მოვალეობები გაურკვეველია. გარდა ამისა, საბიუჯეტო სახსრები გახარჯულია დოკუმენტური დადასტურების გარეშე.

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სათანადო ბაზა და მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტი სრულად ვერ იღებს დასუფთავების მოსაკრებელს, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები