მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილებზე ფასების ზრდა სალიზინგო მომსახურებაზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის - "ტერა ლიზინგი"

ნატა ტორონჯაძე

ავტომობილებზე ფასების ზრდა სალიზინგო მომსახურებაზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის, - ამის შესახებ BMG-სთან „ტერა ლიზინგის“ დირექტორი ნატა ტორონჯაძე საუბრობს.

მისი თქმით, ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ცვლილება და ფასების ზრდა მომხმარებელს უბიძგებს ალტერნატიული დაფინანსების გზებს, მათ შორის ლიზინგს მიმართოს.

„ჩვენი მოლოდინი არის, რომ ლიზინგის ბაზარზე მოთხოვნა უნდა გაიზარდოს. ჯამურად ბაზარზე როგორი სიტუაცია იქნება, ახლა რთულად პროგნოზირებადია. თუმცა, ჩვენი აზრით, მაინც მოსალოდნელია, რომ სალიზინგო ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება კონკრეტულად, დაფინანსების მიმართულებით“ - ამბობს ნატა ტორონჯაძე.

ამასთან, მისივე თქმით, ლიზინგის ზრდა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. სექტორი პოზიტიურ ტენდენციას ინარჩუნებს, რასაც ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენაც ადასტურებს.

„ზრდის დინამიკა ნამდვილად პოზიტიურია. კოვიდის შემდეგ სალიზინგო ბაზარმა საკმაოდ დიდი ზრდა აჩვენა. ამას მოწმობს ახალი სალიზინგო კომპანიების შემოსვლა ბაზარზეც, რაც ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი, ეს ბაზარი და ეს სექტორი ვითარდება. რაც უფრო მეტად იქნება ბიზნესის ზრდა, მით მეტად გაიზრდება ლიზინგი“ - განმარტავს ნატა ტორონჯაძე.

კომპანიის შიდა მაჩვენებლებზე საუბრისას „ტერა ლიზინგის“ დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანიის პორტფელი დაახლოებით, 55 მილიონ ლარს შეადგენს. გასულ წელს, კომპანიას 50%-იანი ზრდა ჰქონდა.

„წელსაც საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს დაგეგმილი - 30-40%-ის ფარგლებში და ვფიქრობთ, რომ მეორე კვარტალიდან ეს ზრდა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება“ - აცხადებს ნატა ტორონჯაძე.

ავტოიმპორტის აქციზი გაძვირდა - პარლამენტმა კანონი დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილება შეეხება ყველა ავტომობილს, რომელიც 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არ იყო საქართველომდე ტრანსპორტირების პროცესში, შესაბამისად, იმ ავტომობილებს რომელთა ტრანსპორტირებაც ამჟამად დაწყებული არაა, გაძვირებული განბაჟების აქციზი შეეხება. ცვლილება ქვეყანაში ახალი ავტომობილების იმპორტის ზრდის ტემპის შემცირებას ისახავს და ის აძვირებს როგორც 6 წლამდე ავტოიმპორტის, ასევე 6 წელზე მეტი ხნის წინ წარმოებული ავტომობილების აქციზს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები