ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ადგილობრივი ბაზრისთვის, სავარაუდოდ, 2019 წლიდან ამოქმედდება,- ამის შესახებ "საქმის კურსს" სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ხელმძღვანელმა გიორგი ბარათაშვილმა განცხადა.
მისი თქმით, ბიზნეს სექტორი ელოდება, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა უცხოური ნომრის მქონე ავტომობილებისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
"მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის კანონი გაყოფილია ორად. პირველი ეტაპი ითვალისწინებს უცხოური სანომრე ნიშნების მქონე მანქანებისთვის სავალდებულო დაზღვევას, ხოლო მეორე ნაწილი ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავ მანქანებზე ვრცელდება. ამ კანონპროქტის შემოღება არის წინგდადგმუოლი ნაბიჯი ევროპისკენ, რადგანაც ევროპის ქვეყნებმა ეს რეგულაცია 50 წლის წინ შემოიღეს და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არც ერთი ქვეყანა არ არის დარჩენილი, ვისაც არ აქვს ეს კანონი. საქართველოში იყო ეს კანონი, თუმცა 2003 წელს გაუქმდა, რადგან ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს და ვერ პასუხობდა რეალობას“,- აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.
რაც შეეხება საკითხს, რომ უცხოეთის ნომრიანი მანქანებისთვის დაზღვევის აღება საბაჟოზე არ მოხდება, ბიზნესმენი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიებს, არ სურთ, ქართულ საბაჟოებს პრობლემა შეუქმნან გამტარუნარიანობის თვალსაზირისით, ამიტომ სადაზღვევო პოლისის აღება საბაჟოზე არ მოხდება.
"ჩვენს ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ჩენ ვართ ჰაბი და ჩვენი საბაჟოები სხვა საბაჟოებთან შედარებით ბევრად უფრო მოქნილი არიან. პროცედურა საბაჟოზე მისვლის და ქვეყანაში შემოსვლის არის 2 წუთი და დაზღვევის ყიდვამ არ უნდა შექმნას პრობლემა. აქედან გამომდინარე ჩვენ შევთანხმდით ხელისუფლებასთან, რომ საბაჟოზე მანქანა შემოვა შეუფერხებლად, თუმცა, მას მისცემენ გაფრთხილებას, რომ ქვეყანაში მოქმედებს კანონი. მას იქვე გადაეცემა რუკა, თუ სად შეიძლება შეიძინოს დაზღვევა“,- აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.
რაც შეეხება აღსრულების საკითხს, სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ ქვეყნის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია არ გააჩერებს და არ დააჯარიმებს დაზღვევის არ მქონე პირს, ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას საბაჟოზე მანქანის მფლობელი დაზღვევის არქონის შემთხვევაში დაჯარიმდება.

























