მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტომობილის მფლობელის ან მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება

5c57ff10b98fe
ელენე გოგბერაშვილი
04.02.19 13:01
2264
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელ დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის წარდგენა დღეს ბიუროს სხდომაზე იგეგმება, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ითვალისწინებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისას 100 ლარით დაჯარიმდება მოტოციკლის (რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარევა კი, 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ასევე, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ეს ქმედება ხელმეორედ დაჯარიმებას გამოიწვევს.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის კომპონენტი ძალაში 2019 წლის 1 ივლისიდან უნდა შევიდეს.

სადაზღვევო ასოციაციას მიაჩნია, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოღებისთვის ოპტიმალური პერიოდი 2019 წლის 1 სექტემბერია.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები საქართველოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები