ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Renault-მა დაადასტურა, რომ უკრაინაში დრონების წარმოების შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკება დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ პროექტის განხორციელება თავდაცვის სფეროზე მომუშავე მცირე ზომის ფრანგულ კომპანიასთან ერთად იგეგმება. მხარეებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, რადგან დეტალები ფრანგულ სამხედრო უწყებასთან უნდა შეთანხმდეს.
თუ პროექტი ავტორიზაციას მოიპოვებს, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რენოს პირველი გამოჩენა თავდაცვის ინდუსტრიაში. ამასთან, ის გახდება პირველი ფრანგული კომპანია, რომელიც უკრაინულ მიწაზე იარაღის წარმოებას დაიწყებს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნის შეფასებით, ეს პროექტი ავტომწარმოებელ და თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო შემთხვევა იქნება და მისი მიზანი როგორც უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდა, ისე საფრანგეთის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესება იქნება.
უკვე დიდი ხანია, რაც უკრაინული ჯარი დრონებს დაზვერვისა და თავდაცვის მიზნით იყენებს. რუსეთის სიღრმეში სამხედრო ოპერაციების განხორციელებაში წამყვან როლს შეიარაღების სწორედ ეს მიმართულება იკავებს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაძლიერდება უკრაინის პოზიციები ფრონტის ხაზზე. აღსანიშნავია, რომ საწარმოს აშენების შემდეგ იქ სწორედ უკრაინის მოქალაქეები დასაქმდებიან.
თუ საფრანგეთის ძალოვანი უწყება პროექტს ოფიციალურად დაუჭერს მხარს, ეს იქნება ევროპის თავდაცვის სტრატეგიის ცვლილების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო და სამხედრო ინდუსტრიის თანამონაწილეობას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ანალიტიკოსების აღნიშნავენ, რომ რენოს ინიციატივა მეტ ავტომწარმოებელს გაუხსნის შესაძლებლობას, ჩაერთონ სექტორში, რომლის განვითარებაც ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.




























