ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის საკითხი - ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"დღეს სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი; მან არ გაიზიარა ავტორიზაციის საბჭოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის საკითხი. ეს მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა საბოლოო გამარჯვებამდე", - ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ილიაუნისთვის ავტორიზაციის 1 წელიწადში გადახედვის შესახებ ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება 27 სექტემბერს თავად უნივერსიტეტის პროფესორის სიმონ ჯანაშიას პოსტით გაცხადდა. BM.GE-ის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მაშინ განუცხადეს, რომ ილიაუნის 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა და ოქმი 10 სამუშაო დღეში გასაჯაროვდება. იმავე დღეს, მოგვიანებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ავტორიზაციის საბჭოს სხდომამ დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები შეცვალა და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭა. ილიაუნიში BM.GE-ის დაუკონკრეტეს, რომ აღნიშნული პირობით ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭათ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.




























