ავტოსადგურების რეფორმა წელს დაიწყება, - ამის შესახებ bm.ge-ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რეფორმის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი შემუშავებულია, მათ შორის - საკანონმდებლო ცვლილებები.
“ვგეგმავთ ეტაპობრივად, გავიაროთ ინდუსტრიასთან, სამოქალაქო სექტორთან, რადგანაც მნიშვნელოვანი რეფორმაა.
წელს ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ამის პრეზენტაცია და ინიცირება. ნორმატიული ბაზა უნდა შეიქმნას”, - აცხადებს აკაკი საღირაშვილი.
კანონის მიხედვით, საქართველოში ავტოსადგურების ლიცენზირების წესი შეიცვლება. რეფორმა შეეხება როგორც - ავტოსადგურებს, ისე - გადამყვან კომპანიებს.
როგორც ცნობილია, დაწესდება ახალი სტანდარტები თუ როგორი უნდა იყოს ავტოსადგურების იერსახე და ავტოგადამყვანებში მომსახურების დონე.