მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოსადგურების საკითხი არის "შავი ხვრელი" ეკონომიკისთვის - ექსპერტი

61e800ee33eae
ინგა მურუსიძე
19.01.22 18:25
1137
"ავტოსადგურების საკითხი არის "შავი ხვრელი" ეკონომიკისთვის", - ამის შესახებ bm.ge-ს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა გელა კვაშილავამ განუცხადა.

საქმე ის არის, საქართველოში ავტოსადგურების სერტიფიცირებასა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებაზე საუბარი 2019 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. აქამდე ცნობილი იყო, რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დასრულებული ჰქონდა, თუმცა ის პარლამენტში არ გადაგზავნილა; დღეს კი დოკუმენტი არც ფართო წრეებისთვისაა ხელმისაწვდომი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ კანონპროექტზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის და რჩება, არის ავტოსადგურების საკითხი. მათი დიდი ნაწილი არის ქალაქების ტერიტორიაზე, დიდი ნაწილი არის პრივატიზებული, ამიტომ უნდა გაიმიჯნოს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე ცენტრალური ხელისუფლების და სადგურის მფლობელის ვალდებულები.

ჩემი აზრით, ვინაიდან საერთაშორისო გადაზიდვებს ეხება საკითხი, აქ უფრო აქტიური და მთავარი უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლება. უნდა არსებობდეს ერთიანი სტანდარტი, თუ როგორ უნდა მოეწყოს ესა თუ ის სადგური, როგორი უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული. ვფიქრობ, სადგურების საკითხი არის შავი ხვრელი ეკონომიკისთვის, რადგან იმის გამო, რომ საკითხი არ არის დარეგულირებული, ბიუჯეტს აკლდება თანხები“, - ამბობს გელა კვაშილავა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რამდენად შესაძლებელია რეგულირება იმ პირობებში, რომ სადგურების ნაწილი კერძო საკუთრებაა, ექსპერტი განმარტავს სახელმწიფოს აქვს უფლება უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული და ეს ევროპული სტანდარტია.

რაც შეეხება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ახალი სტანდარტების შემოღებამ შესაძლოა, მგზავრობა გააძვიროს და მთავრობა მოსახლეობის სავარაუდო უკმაყოფილების გამო ერიდება მსგავსი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებას, გელა კვაშილავა ამბობს, რომ ეს არასწორია. „ახალი სტანდარტები მგზავრობის ფასის მომატებას კი არ გამოიწვევს, პირიქით, სტანდარტები ამაღლდება. მგზავრობის საფასურის მომატებას იწვევს სხვა ბევრი ფაქტორი, მათ შორის საწვავის ფასის მომატება, ინფლაცია და ა.შ.“, - ამბობს გელა კვაშილავა.

მისი ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობა ნამდვილად მიდიოდა, თუმცა იყო წინააღმდეგობები და საჭიროა, პოლიტიკური ნება, რათა საკითხი ისევ წამოიწიოს.

ექსპერტს პრობლემად მიაჩნია ისიც, რომ არ არის მკვეთრად გამიჯნული, თუ ვის რა მოვალეობა შეიძლება ეკისრებოდეს საკითხის მოგვარებაში ან მის მონიტორინგში - იქნება ეს ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლება თუ სადგურის ადმინისტრაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები