მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავტოსადგურებს ამ დრომდეც ევალებოდათ მოთხოვნების დაცვა, მაგრამ ეს არ კეთდებოდა”-დავით მესხიშვილი

6474b6330b88d
ანუკა ჯოხაძე
29.05.23 23:30
911
საქართველოს მთავრობას ავტოსადგურების რეფორმის დაწყების მორიგი მცდელობა აქვს. შესაბამის ცვლილებებზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. ეკონომიკის მინისტრის ცნობით, შიდა გადაყვანები სანებართვო სისტემაში მოექცევა.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სერტიფიცირების გავლა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და გადამზიდავ საშუალებებსაც მოუწევთ. მისი განმარტებით, ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა, ყოველ სადგურს კი შესაბამისი სტანდარტის დაცვა მოუწევს. მათ შორის მოთხოვნები ამოქმედდება საქალაქთაშორისო მგზავრთ-გადაყვანებისთვისაც.

როგორც ამ მიმართულებით მომუშავე ექსპერტები ამბობენ, მთავარი გამოწვევა ამ კუთხით კანონის აღსრულება იქნება.

“კანონის ძალა არის მის აღსრულებაში, თუ აღსრულება არ მოხდა კანონს არანაირი ძალა არ აქვს. ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია და შეხვედრებზეც არ იყო გარკვეული როგორ მოხდება ამ ყველაფრის აღსრულება და მონიტორინგი. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საკითხზე ნამუშევარი აქვთ და შემოგვთავაზებენ რაღაც ახალ სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც მოხდება კანონის აღსრულება და ამ ყველაფერზე თვალის დევნება,”-ამბობს კომპანია “ომნი ბასის” ხელმძღვანელი ირაკლი კაბულაშვილი.

საქართველოს ავტომობილების ტექინსპექტირების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება ავტოსადგურების მფლობელებს მოქმედი კანონმდებლობითაც ევალებოდათ, თუმცა კანონის აღსრულება არსებული ბარიერების გამო ვერ ხერხდებოდა. მესხიშვილის თქმით, ახალი კანონპროექტი ამ ბარიერს მოხსნის.

“მოქმედი კანონმდებლობით ავტოსადგურებს ევალებოდათ მოეწესრიგებინათ უფრო მეტად ვიდრე დღეს არის და შესაბამისობაში მოეყვანათ მათ მფლობელობაში არსებული ავტოსადგურები, მაგრამ ეს არ კეთდებოდა. ამას ჰქონდა ბევრი ახსნა, მთავარი მიზეზებიდან იყო ის რომ მაკონტროლებელ ორგანოს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს რომ შეემოწმებინა ავტოსადგურების გამართულობა ამისთვის უნდა აეღო ნებართვა სასამართლოში, სასამართლო კი ნებართვას მოგცემდა თუ არა ეს ცალკე თემაა. შესაბამისად, ვერ ხდებოდა შემოწმება.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ბარიერი ჩაიხსნება და ჩვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტად გვექნება საშუალება თუნდაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მოვთხოვოთ რეაგირება დარღვევებზე ვიდრე დღეს გვაქვს,”-ამბობს
საქართველოს ავტომობილების ტექინსპექტირების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი.

როგორც ცნობილია ეკონომიკის სამინისტრო ავტოსადგურებისების ლიცენზირების შესახებ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში გადააგზავნის. სამინისტროში მოლოდინი აქვთ, რომ კანონი საშემოდგომო სესიაზე მიღებული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები