ავტოსადგურების რეფორმის ვადების გახანგრძლივებაზე ეკონომიკის სამინისტრო მსჯელობს - საკითხი დღის წესრიგში ბიზნესმა დააყენა, რომელიც ახალი რეგულაციებისთვის ემზადება. ავტოსადგურების მფლობელებმა ლიცენზიების აღება 2025 წლის 1 ივნისამდე უნდა მოასწრონ, მძღოლებს კი საქალაქთაშორისო რეისების განხორციელებისთვის შესაბამისი ნებართვის ქონის ვალდებულება მარტიდან წარმოეშვებათ.
ავტოსადგურთა ლიგის პრეზიდენტი ავთანდილ ენუქიძე თვლის, რომ პროცესი ბაზარზე მდგომარეობას მოაწესრიგებს, თუმცა მისი თქმით, აუცილებელია ავტოსადგურების ლიცენზიები ისეთ ტერიტორიებზე არსებულ სადგურებზე გაიცეს, რომელიც ქალაქში მოძრაობის მიმართულებით პრობლემებს არ შექმნის.
მისი პროგნოზით, ქვეყანაში მცირე ზომის ავტოსადგურები შესაბამის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ და მათი რაოდენობა ბაზარზე შემცირდება. ენუქიძე საუბრობს მგზავრთგადამყვან ოპერატორებზეც, რომლებსაც თავიანთი ავტო სატრანსპორტო საშუალებები ჩანაცვლება მოუწევთ. მისი თქმით, სამინისტრო ოპერატორებისთვის გარდამავალი პერიოდის მიცემის მზაობას გამოთქვამს.
“ლიცენზია მუნიციპალიტეტებთან და მერიებთან შეთანხმებით, ავტოსადგურებზე კლასიფიკაციის მიხედვით გაიცემა. ეს ძალიან კარგი რამ არის, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტმა კეთილი ინებოს. მათ ძალიან კარგად იციან როგორ მოძრაობენ სატრანსპორტო ნაკადები, როგორ მოძრაობს ტრანსპორტი ზუგდიდში, ქუთაისში თუ თბილისში და ოპერატორებს ავტოსადგურების განვითარების თანხომა ისეთ ადგილებზე მისცეს, რაც ქალაქის ხელახალ გადატვირთვას არ გამოიწვევს.
შედეგად, პატარ-პატარა სადგურები, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებზეა ან არსებული სადგურების წინ მდებარე ქუჩებზეა, სადაც ე.წ ხიშნიკები მუშაობენ - ეს აღარ იქნება.
მაგალითად, გზაზე გააჩერეს ზუგდიდში მიმავალი გადამზიდავი ოპერატორი, მას უნდა ჰქონდეს აუცილებლად საგზური, რომ გადის კონკრეტული ავტოსადგურიდან, თუ ეს საგზური არ ექნება დაჯარიმდება. თავისთავად სადგურები საბუთს იმ გადამზიდავს მისცემენ, ვისაც ექნება ნებართვა და იქნება მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ამოვარდება გარკვეული სადგურები.
შეხვედრაზეც ვთქვი, მაგალითად ქუთაისის ცენტრალური სადგურზე ორი სადგურია. მათი ნორმალურად მუშაობისთვის მისასვლელი გზა უნდა იყოს თავისუფალი, მისასვლელ ქუჩაზე კიდევ 2 სადგურია, რომელიც გზას კეტავს. ეს გზა ზოგად 8 მეტრია, ზოგან 12. იქ კიდევ მანქანების სადგომია და ტრანსპორტს გამოსასვლელი არ აქვს, შესაბამისად, ავტობუსი რომ გამოვიდეს სადგომიდან 30-40 წუთი სჭირდება. ანალოგიურად ხდება თბილისში რკინიგზის სადგურის უკან, სადაც გასასვლელი და შემოსასვლელი გადაკეტილია ე.წ ხიშნიკებით და ბავშვთა სამყაროსთან მოედანზე... ეს მოისპობა...”, - განმარტავს ავტოსადგურთა ლიგის პრეზიდენტი ავთანდილ ენუქიძე.




























