"ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის ზრდა უკონტაქტო პატრულის უმოქმედობაზე მეტყველებს"
ნინი ლონგურაშვილი
05.07.18 16:34
• 537
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის ზრდას, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, უკონტაქტო პატრულირების არასათანადოდ მუშაობას უკავშირებს. როგორც დავით მესხიშვილმა BMG-სთან საუბრისას განაცხადა, საქართველო არ არის მზად, უკონტაქტო პატრულირების ასეთი სახით საქმიანობის შესრულებაზე.
„ ჩემს გარშემო არავინ ვიცი დაჯარიმებული უკონტაქტო პატრულით. უკონტაქტო პატრული არ მუშაობს, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ყველა ცვლილებამ უნდა მოგვცეს დადებითი რეზულტატი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების საქმეში, მხოლოდ ერთში გამოიხატება - ეს არის შემცირება. თუ ეს მაჩვენებელი არ გაქვს, მაშინ ჩნდება კითხვები.
ის რაც მათ უნდა გაეკეთებინათ, აწი ჩვენი საკეთებელია, ეს მიღებული ფორმაა სხვა ქვეყნებში, მაგრამ საქართველო ამისთვის არ არის მზად, რომ მოქალაქემ მოქალაქე აკონტროლოს“, - აცხადებს BMG -სთან ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.
შსს-ს ინიციატივის მიხედვით, მობილური აპლიკაციით მოქალაქეებს საგზაო წესების დარღვევის დაფიქსირება შეეძლებათ. როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს დარღვევის ამსახველი ვიდეომასალის ავტომატურ რეჟიმში გადაგზავნა ჯერ უცნობია.