წლის დასაწყისში ბაზარზე ახალი სტარტაპი – “მართე” გამოჩნდა. აპლიკაცია, რომელიც ავტომობილის მფლობელებს ერთ სივრცეში სხვადასხვა ავტოსერვისს სთავაზობს.
როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ნიკოლოზ ნაბახტეველი BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, პროექტზე მუშაობა მან და მისმა 3-მა მეგობარმა გასული წლის სექტემბერში დაიწყეს, თუმცა თავდაპირველად იდეა უძრავი ქონების მიმართულებით პლატფორმის შექმნას უკავშირდებოდა.
მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ გუნდმა ფოკუსი შეცვალა და ავტოინდუსტრიაში გადაწყვიტა შესვლა.
„სტარტაპზე მუშაობა სექტემბრიდან ოთხმა ადამიანმა დავიწყეთ. იდეის საწყის ეტაპზე, გვქონდა გეგმა, რომ შეგვექმნა აპლიკაცია, რომელიც უძრავი ქონების ყიდვას გაამარტივებდა, თუმცა მოგვიანებით ფოკუსი შევიცვალეთ და ავტოინდუსტრიაში გადავინაცვლეთ.
ჩვენი მიზანია, მანქანის მფლობელობა გავხადოთ მარტივი, კომფორტული და ეკონომიური. ვქმნით ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომხმარებლებს დროსა და ფულს დაუზოგავს“, - აღნიშნავს ის.
მისივე ინფორმაციით, სტარტაპის განვითარების საწყისი ეტაპი ძირითადად ინტელექტუალურ ინვესტიციაზე იყო დაფუძნებული, თუმცა სოციალური მედიის განვითარებისთვის გუნდმა დაახლოებით 10 000 ლარი დახარჯა.
მისი თქმით, აპლიკაცია მომხმარებლებს ორი ტიპის პაკეტს სთავაზობს – უფასოს და პრემიუმს. პრემიუმ პაკეტის ღირებულება თვეში 2.99 ლარია : "უფასო ვერსიაში მომხმარებლებს შეუძლიათ ევაკუატორის გამოძახება, ავტოსერვისების სწრაფად მოძიება და ავტონაწილების მოთხოვნის გაგზავნა. პრემიუმ პაკეტის შემთხვევაში კი დამატებით ხელმისაწვდომია 0%-იანი განვადება 6 თვემდე ვადით და 12 000 ლარამდე, რომელიც მხოლოდ „კრედო ბანკთან“ პარტნიორობით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, აპლიკაცია ასევე აერთიანებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ჯარიმების შემოწმება და შეხსენება, ვიდეო და მუნიციპალური ჯარიმების ნახვა, ავტონაწილების მოთხოვნა და ფასების შეთავაზებების მიღება, ავტოსერვისებისა და ავტონაწილების მაღაზიების მოძიება, ფასდაკლებების ნახვა და ავტოპროდუქციის შეძენა ონლაინ".
ნაბახტეველის თქმით, პლატფორმაში ინტეგრირებულია ასევე ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს გზაზე რადარების შესახებ აფრთხილებს და ადრე მიღებულ ჯარიმებსაც ახსენებს, რათა მსგავსი დარღვევების თავიდან აცილება შეძლოს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სტარტაპის დამფუძნებლის თქმით, მიმდინარე წელს, დაახლოებით 3-6 თვეში, პლატფორმის ფუნქციონალის გაფართოება იგეგმება.
„გვინდა, რომ მომხმარებელს ავტო მიმართულებით აბსოლუტურად ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში დახვდეს. ამასთან, იგეგმება ახალი ფუნქციების დამატებაც, რისთვისაც დაახლოებით 20 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება“, – აცხადებს ნაბახტეველი.
ამ ეტაპზე პლატფორმას უკვე 100-ზე მეტი ბიზნესპარტნიორი ჰყავს, ხოლო ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. ამ დროისთვის სტარტაპს 300 აქტიური გამომწერი და დაახლოებით 1 800 მომხმარებელი ჰყავს. კომპანიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პლატფორმას ახალი ფუნქციონალები დაემატება, მომხმარებელთა ბაზისა და პარტნიორი კომპანიების რაოდენობის ზრდას ელიან.




























