"აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარების მიღწევები და პრობლემები
დავით ჯალაღონია
29.07.18 19:10
• 3034
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განახლებას გეგმავს.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა BM.GE-ს განუცხადა, თუ აქამდე პროგრამა დამწყები მიკრო მეწარმეებისთვის 5000–დან 15 000 ლარამდე გრანტებს ითვალისწინებდა, განახლებული პირობებით, ბენეფიციარი მხოლოდ 20 000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს, 20%–იანი თანამონაწილეობის ვალდებულება კი ისევ ძალაში დარჩება.
ვიდრე სააგენტო ახალ პროექტებს დააფინანსებს, BM.GE პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში დაფინანსებული ბენეფიციარების მიღწევებით დაინტერესდა. ერთ–ერთი მეწარმე ნონა გელაშვილი, რომელსაც ქუთაისში, საკონდიტრო ნაწარმის მაღაზია და კაფე აქვს, გაფართოებას გეგმავს. მისი საკონდიტრო ქალაქში "რიო–რიტას" დასახელებით არის ცნობილი. ბენეფიციარი ორი წლის წინ, "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში 5000 ლარიანი გრანტით დაფინანსდა. მან ამ თანხით საკონდიტროსთვის საჭირო ღუმელი შეიძინა.
როგორც ნონა გელაშვილი ამბობს, მისი ბიზნესი წარმატებით ვითარდება, გაყიდვები იზრდება და ამიტომ მან ახალი კაფეს გახსნა გადაწყვიტა. გარდა ამისა, საწარმოს რამდენიმე თანამშრომელიც დაემატა.
"ახალი ფართი ვიქირავეთ და სექტემბრიდან ვაპირებთ, რომ კაფე გავაკეთოთ, ისევ ქუთაისში. ჩვენი ასორტიმენტი გაფართოვდება და საკონდიტრო ნაწარმთან ერთად მომხმარებელს პიცას და ნაყინს შევთავაზებთ. შესაძლოა, სხვა კერძებიც დავამატოთ, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ ვართ", – განაცხადა ნონა გელაშვილმა.
"რიო–რიტას" მფლობელს ახალი გეგმების განხორციელება დაახლოებით 30 ათასი ლარი დაუჯდება. ამისთვის მეწარმემ საბანკო კრედიტით ისარგებლა.
ქუთაისელი კონდიტერისგან განსხვავებით, "აწარმოე საქართველოს" გრანტი ბიზნეს საქმიანობის გასააქტიურებლად, ბენეფიციარმა როლანდ ოქროპირიძემ განსაკუთრებული წარმატებით ვერ გამოიყენა. მას სოფელ დავათში დანების სამჭედლო აქვს. ხელოსანი ამ საქმით უკვე 30 წელია, რაც დაკავებულია. მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამით მან 5000 ლარიანი გრანტი მიიღო, რისი დახმარებითაც რამდენიმე ახალი დანადგარი შეიძინა, თუმცა როგორც იგი BM.GE–სთან საუბრისას ამბობს, მისი მომხმარებლების რაოდენობა, გაზრდილი წარმადობის მიუხედავად, არ გაიზარდა.
"ახლა შეკვეთები ძალიან ნაკლებად არის. იმ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ხალხს აქვს, მხოლოდ სასაჩუქრე მიზნით თუ დავამზადებ", – აცხადებს ხელოსანი.
კითხვაზე, სარგებლობს თუ არა პროგრამის ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებული მარკეტინგის პრაქტიკული ლექციებით, როლანდ ოქროპირიძემ პასუხად აღნიშნა, რომ მას ამისთვის დრო არ აქვს.
"წვრილ მეწარმეებს გვირჩევენ, რომ მარკეტინგი ვისწავლოთ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე ქურასთან ვიდგე და დანები ვჭედო, თუ ინტერნეტში კლიენტები ვეძებო?!", – აცხადებს როლანდ ოქროპირიძე, რომლის სახელოსნოში დამზადებული დანების ფასი 250 დოლარიდან იწყება.
როლანდ ოქროპირიძისგან განსხვავებით, მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის კიდევ ერთ ბენეფიციარს გურამ სუდაძეს, რომელსაც ახალციხეში სპორტული მანქანების ასაწყობად სახელოსნო აქვს, გასაყიდი ნამუშევრები არ მოეპოვება. მას ეს საქმიანობა ჰობის დონეზე აქვს განვითარებული, თუმცა სახელმწიფომ 5000 ლარით, რამდენიმე დანადგარის შესაძენად მაინც დააფინანსა.
"გასაყიდად ჯერ არაფერი მაქვს. ისე, არის პროექტი, რაზეც ვმუშაობთ. ახლა პროცესში ვართ. ეს არის ტრიციკლი, სამბორბლიანი მოტოციკლი. ჯერ ვაკეთებ, შეკვეთა არ მაქვს. კომერციული განვითარება ჯერ-ჯერობით არ მაქვს", – აღნიშნა გურამ სუდაძემ BM.GE- სთან საუბრისას.
ბენეფიციარებთან ინტერვიუების შემდეგ, BM.GE სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელს მიხეილ ხიდურელს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის შედეგებსა და გეგმებზე ესაუბრა.
მისი განმარტებით, იმ კომპანიების გადარჩენის პროცენტულობა, რომლებმაც გრანტი მიიღეს, საერთაშორისო პრაქტიკაზე გაცილებით მაღალია.
"შესაბამისად, რა თქმა უნდა, პროექტის დაგეგმვის დროს გათვალისწინებულია ჩავარდნის ის დაბალი პროცენტი, რაც რა თქმა უნდა, ხდება, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროგრამა ხორციელდებოდა რეგიონებში და ამ ადამიანებს პირველი შეხება ჰქონდათ ბიზნესთან, თუმცა შედეგები შთამბეჭდავია. ჩვენ ამ შედეგებზე ცალკე პრეზენტაცია გვექნება", – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
მისივე ინფორმაციით, ამ პროგრამის ფარგლებში 5313 მიკრო სუბიექტია დაფინანსებული, რომელთა 80% ფუნქციონირებს.
კითხვაზე, რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი ბენეფიციარები სააგენტოს მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ ღონისძიებებში, "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელი პასუხად ამბობს, რომ მათ აქტივობებს მეწარმეების 50% ესწრება.
"ეს პროცესია. ამ ადამიანებმა გრანტი აიღეს, ბიზნესი დაიწყეს. მათ არ გააჩნიათ ის მოტივაცია, რაც სხვებს, რომლებმაც დიდი ხანია, ბიზნესი დაიწყეს, ჩვენ ფესტივალ „ფუძეობასთან“ ერთად, ოქტომბრის ჩათვლით, ყველა რეგიონში სამეწარმეო მარკეტები გვექნება. ამ მარკეტებზე მიწვეულები იქნებიან განსაკუთრებით იმ რეგიონების მიკრო მეწარმეები, სადაც მივდივართ და ასევე, სხვა მეწარმეები. ეს მათ თავიანთი პროდუქციის რეალიზების საშუალებას აძლევს", – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
რაც შეეხება მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განსაკუთრებით წარმატებულ ბენეფიციარებს, სააგენტოს ხელმძღვანელმა მათ რიგებში ერთ–ერთი მეწარმე გაიხსენა, რომელიც "კარფურს" თაფლით ამარაგებს და ასევე – ბენეფიციარი, რომელიც ფიჭვის დაბრენდილ საღეჭ რეზინას აწარმოებს და მის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
"შესაბამისად, ვერ ვიტყვით და არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ ამ პროექტში რაიმე სახის ჩავარდნაა", – დასძინა მან.
მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც 2018 წლიდან არ გაგრძელებულა, სავარაუდოდ, წელს განაახლებს. პროგრამამ მუშაობა 2015 წელს დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" საგებლიანობის შესახებ კვლევის ჩასატარებლად სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა, რაშიც 350 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. კვლევის შედეგად ორი საკითხი უნდა გაირკვეს - რა სარგებელი მიიღეს მონაწილე კომპანიებმა და როგორი გავლენა ჰქონდა პროგრამას მის ბენეფიციარებსა და მთლიანად ეკონომიკაზე. ჯამში დაგეგმილია იმ 100 კომპანიის საქმიანობის შეფასება, რომლებთან ხელშეკრულების გაფორმებიდანაც 2 წელი, ან მეტი პერიოდი გავიდა. გარდა შეფასებითი ნაწილისა, კვლვა სარეკომენდაციო კომპონენტსაც მოიცავს, როგორც თავად კომპანიებისთვის, ისე პროგრამის საორგანიზაციო ნაწილის გაუმჯობესების კუთხით. კვლევის შეფასებითი ნაწილი მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს, რეკომენდაციები კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მომავალი წლის მარტის ბოლომდე უნდა მოამზადოს.