მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი თბილისის მერიის მუშაობით უკმაყოფილოა

BM.GE
20.11.21 00:28
545
3 მლნ ლარამდე ინვესტიციით შექმნილი ერთი საშუალო ზომის საწარმო - კარების მწარმოებელ კომპანია „მეგადორსი“ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. მეგადორსი სამთავრობო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა. მაშინ “მეგადორსს” ქონების ეროვნული სააგენტოსგან თბილისში 5 184 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა. საწარმოს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მინისტრები სტუმრობდნენ - ერთ-ერთი პირველი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო, ერთ-ერთი ბოლო კი - ნათია თურნავა - შარშან სექტემბერში. ვიზიტის მიზეზი მეგადორსის გეგმები იყო - კომპანიამ გაფართოება გადაწყვიტა და ისევ აწარმოე საქართველოში - პროგრამის ფარგლებში 4 მილიონ 800 ათას ლარამდე სესხი აიღო. ჯამში, ბიზნესში 6 მლნ ლარამდე ინვესტიცია უნდა ჩაედო, მაგრამ 1 წელი გავიდა და გეგმა ფაქტობრივად გეგმად რჩება. თუ რატომ - ამაზე უფრო დეტალურად თელარა გელანტიას სიუჟეტით გეტყვით, თუმცა მანამდე ისიც ვთქვათ, რომ კომენტარისთვის, ცხადია, მივმართეთ აწარმოე საქართველოში სააგენტოს მენეჯმენტს. ბენეფიციარის წერილი, სააგენტომ როგორც ჩანს მიიღო და გვითხრეს, რომ მაქსიმალურად დაუჭერენ მხარს.

რა თქმა უნდა, თბილისის მერიასთანაც გადავამოწმეთ მეგადორსის პრეტენზიები და ვიკითხეთ, რატომ დაუხარვეზა პროექტი. მერიიდან ასე მოგვწერეს - “ამ კომპანიას თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა დაუდგინა რიგი ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც არის სავალდებულო. კერძოდ, გარემოს დაცვის სამსახური ითხოვს მოსაჭრელი ხეების ფერად ფოტომასალას, სადაც მთლიანად გამოჩდება ხის ვარჯი და ღერო. ასევე, გამწვანების პროექტის საინფორმაციო ბანერზე უნდა დაიტანონ ფოტომონტაჟის სახით გამოსახული გამწვანების ესკიზი (საპროექტო შენობის და ხეების განთავსებით). აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიცემა სამშენებლო ნებართვა”.

ამ დროისთვის სიტუაცია ასეთია - მერიამ უნდა დაადასტუროს, რომ კომპანიამ მართლაც დააკმაყოფილა მისი მოთხოვნები. თუმცა, თუ სამწლიანი სუბსიდირების ათვლა უშუალოდ მერიის მიერ სამშენებლო ნებართვის გაცემიდან არ დაიწყება, მეგადორსის მფლობელს მოუწევს, დაახლოებით 3 მილიონიან ინვესტიციაზე უარი თქვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები