"აწარმოე საქართველოში" "წლის პირდაპირი უცხოური საინვესტიციო პროექტის" ნომინაციაში დაჯილდოვდა
თელარა გელანტია
01.07.19 19:02
• 1093
ამის შესახებ bm.ge-ის სააგენტოდან აცნობეს.
ღონისძიება “Emerging Europe Leaders’ Meeting & Awards” 27-28 ივნისს, ლონდონში გაიმართა.
ღონისძიების მიზანი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოწინავე და საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნების წარმოჩენა იყო. ღონისძიებაზე გამარჯვებულები 17 კატეგორიაში გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველო 3 ნომინაციაში იყო წარდგენილი. სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ინიცირებით, ნომინაციაში „წლის პირდაპირი უცხოური საინვესტიციო პროექტი“ (FDI Project of the Year) კომპანიების “Jaguar“ და „Continental“ შემდეგ, მესამე ადგილზე კომპანია „აჭარა ტექსტილი“-ს პროექტი გავიდა.
საწარმო 2018 წელს ფოთში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა.
აღნიშნულ საწარმოში 1300-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა და ჯამში 3000 ადამიანის დასაქმება იგეგმება. კომპანია 100%-ით ექსპორტზე მუშაობს და ტანსაცმელს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma. შპს “აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ეკონ¬ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ¬გლებში, როგორც ფინანსური, ასევე, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა¬ფი¬ნა¬ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ამასთანავე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ ფოთში მდებარე 40 777 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა. ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 40 მლნ ლარს შეადგენს. ზემოთ ხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 მლნ ლარია. დაჯილდოების ცერემონიალში „Emerging Europe Leaders’ Meeting & Awards“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდა. დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, მიხეილ ხიდურელმა შეხვედრები გამართა უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე მსხვილ ბრიტანულ კომპანიებთან.