მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აწარმოე საქართველოში” ინვესტიციების მოსაზიდად საკონსულტაციო კომპანიებს ეძებს

63f35e25bd615
ანუკა ჯოხაძე
20.02.23 21:42
1090
სტატიაში საუბარია:
სააგენტო “აწარმოე საქართველოში” გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით შესყიდვების სააგენტოს მიმართავს. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, “აწარმოე საქართველოში” ეძებს საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობენ ხელს.

უფრო კონკრეტულად, შესყიდვის განმარტებით ბარათში წერია, რომ აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა დაგეგმილია რეგიონალური პრინციპით ორ ნაწილად, ამერიკა/აზიის რეგიონში და ევროპის რეგიონში. შესყიდვის ჯამური ღირებულება 1.8 მლნ ლარია.

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” აცხადებენ, რომ საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს საინვესტიციო გარემოს ანალიზი და ასევე კომპანიებისთვის საკომუნიკაციო გეგმა უნდა მოამზადონ.

ამის შემდეგ, მათი განმარტებით, პოტენციურ ინვესტორ კომპანიებთან და ახალ სამიზნე კომპანიებთან უნდა მოხდეს დაკავშირება.

მომდევნო ეტაპი კი სააგენტოს ინფორმაციით, მოიცავს პოტენციურ ინვესტორ კომპანიებთან ფიზიკური და ვირტუალური შეხვედრების ორგანიზებას და მათთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობას.

მათი განმარტებით, თითოეული საკონსულტაციო კომპანია ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი რეგიონიდან დაინტერესებული პოტენციური ინვესტორი კომპანიების საქართველოში ვიზიტებს (Site Visits) და საბოლოო ეტაპზე უზრუნველყოს არანაკლებ 3 პირდაპირი უცხოური პროექტის რეალიზება საქართველოში.

პროექტის ვადებად სააგენტო 2023-2025 წლებს ასახელებს.

ცნობისთვის, სააგენტოს მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერით ჩატარება დაიგეგმა. თუმცა ინვესტორების მოზიდვის მიზნით კვლევებთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 2022 წლის 7 სექტემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი (SPA220002193) ჩაიშალა.

მათი განმარტებით, ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი მონაწილე პრეტენდენტი - არარეზიდენტი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, ვერ შეძლო კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმით სისტემის საშუალებით დოკუმენტების წარმოდგენა, რის გამოც მოხდა მისი დისკვალიფიკაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები