"აწარმოე საქართველოში“ ქვეყნის ექსპორტის განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობის მიზნით, გერმანული საკონსულტაციო კომპანია GFA Consulting Group-ის ექსპერტებთან ერთად, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების სიღრმისეულ შესწავლას იწყებს. ქართველი და უცხოელი ექსპერტები სხვადასხვა ინდუსტრიების საექსპორტო პოტენციალს ერთად შეაფასებენ, რის შემდეგაც შერჩეული სექტორების სპეციფიკისა და გამოწვევების გათვალისწინებით, შეიმუშავებენ შესაბამის სტრატეგიასა და ექსპორტის ხელშემწყობ შედეგებზე ორიენტირებულ აქტივობებს, - თემაზე გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ ’’აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე/ექსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი ზვიად ქვლივიძე საუბრობს.
-ბატონო ზვიად, რატომ გახდა დამატებითი კვლევის ჩატარება და მასში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა საჭირო და აქამდე თუ გაკეთებულა ექსპორტის მიმართულებით სექტორული კვლევა?
-კერძო სექტორი დინამიურად ვითარდება, არის ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, ბიზნესი ვითარდება, სხვადასხვა კუთხით ფართოვდება და ამიტომ მნიშვნელოვანია პერიოდულად ახალ-ახალი სექტორები შევისწავლოთ, კონკრეტული სექტორის ღირებულებათა ჯაჭვში უფრო სიღრმისეულად ჩავიდეთ და სხვადასხვა შესაძლებლობები და გამოწვევები ვნახოთ. ასეთი პროცესი მიღებული და ბუნებრივია ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სადაც კერძო სექტორის განვითარებას ხელს უწყობენ. ჩვენ ასეთ ინიციატივას ყოველთვის მივესალმებით, რადგან გვსურს, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა გამოვავლინოთ საქართველოს კერძო სექტორის სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორც სერვისებში, ასევე პროდუქტების წარმოებაში.
-ვიცით, რომ სააგენტოში რებრენდინგის პროცესია - რა ხდება იმ მიმართულების კუთხით, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ?
-სააგენტო ’’აწარმოე საქართველოში“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. მისი ინსტიტუციური გაძლიერება და განვითარება ხდება. ექსპორტის მიმართულებით ვფართოვდებით, ახალი დეპარტამენტი გვემატება, რომელიც ექსპორტის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და პასუხისმგებელი. დღეს გვაქვს დეპარტამენტი, რომელიც ექსპორტიორთა ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. ახალი დეპარტამენტი კვლევით, ანალიტიკურად იმუშავებს. ასევე საგანმანათლებლო კუთხით ვგეგმავთ გააქტიურებას. ექსპორტის განვითარებისა და ზრდისთვის ორგანიზაციას გარკვეული სტრატეგია აქვს, რომელიც გასულ თვეში შემუშავდა. ორი თვის წინ ორგანიზაციაში რესტრუქტურიზაცია მოხდა, ინვესტიციების სააგენტო შეუერთდა, თუმცა უშუალოდ ჩემი მიმართულების კუთხით აღვნიშნავ, რომ სრული სტრატეგია გვაქვს კონკრეტული ამოცანებით, მიზნებით და რა თქმა უნდა, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებით. ყოველივე ეს კი მიზნად ისახავ საქართველოს კერძო სექტორში ექსპორტის პოტენციალის ამაღლებას, ინდუსტრიების ექსპორტის წახალისებას, ექსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა, ექსპორტის კულტურის ამაღლებასა და ექსპორტის შესახებ განათლების პოპულარიზაციას, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე პროფესიულ სასწავლებლებში. გვექნება მოკლევადიანი კურსები, რომელიც ძალიან საინტერესოა მიკრო ბიზნესისთვის. კურსი განსაკუთრებით რეგიონებზეა გათვლილი, იქაურ მეწარმეებზე, სადაც 5-10 ადამიანია დასაქმებული და არ იციან ზოგადად ექსპორტის ციკლი რას გულისხმობს, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ პროდუქტის ექსპორტზე გატანაზე იფიქრო. აღნიშნულ ონლაინ-ტრენინგში ყველა ციკლის თითოეული პროცესი იქნება აღწერილი და მას ’’ექსპორტის მართვის საფუძვლები“ ერქმევა. თუ მეწარმე ექსპორტის მართვაში ცოდნის კიდევ გაღრმავებას ისურვებს, ჩვენ გვექნება ორთვიანი კურსი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბაზაზე, რომელიც პრაქტიკული ქეისების განხილვას გულისხმობს, როგორც წარმატებული ქეისების მსოფლიო მასშტაბით, ისე წარუმატებლის. ეს კურსი სააგენტოს შარშანაც ქონდა.
-კერძოდ რისი შესწავლა მოხდება?
-კომპანიამ Deloitte 2011 წელს საქართველოს კერძო სექტორის შეფასებაზე კვლევა განახორციელა, რომელიც USAID-ის მიერ იყო დაფინანსებული, რის შემდეგაც ასეთი ვრცელი კვლევა არ განხორციელებულა. წელს ახალი კვლევა და სექტორების შეფასება იგეგმება. იმ დროს 20-22 სექტორი გამოიკვეთა, რომელსაც პოტენციალი ჰქონდა, როგორც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, დასაქმების, პროდუქტიულობის გაზრდისა და ასევე ექსპორტის ზრდის მიმართულებით. კონკრეტული სექტორების იდენტიფიცირება მოხდა და ამ პროექტმა აღნიშნული სექტორების განვითარების ხელშეწყობაზე იმუშავა. კერძო სექტორი სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც ბოლო ორი წელია აქტიურად მიმდინარეობს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება, როგორიც არის ევროპასთან, ჩინეთთან და მოლაპარაკებებს ინდოეთთანაც ვიწყებთ. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია ზუსტად გამოიკვეთოს და კერძო სექტორის სხვადასხვა ინდუსტრიების ანალიზი მუდმივად ხდებოდეს. აღნიშნული პროექტს მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი ’’მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ’’ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
სააგენტოს მკაფიოდ აქვს განსაზღვრული კონკრეტული მიზნობრივი ბაზრები. უპირველესად ეს ევროკავშირის ბაზარია, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზრებია მნიშვნელოვანი, თურქეთი, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. აქედან არის ჯგუფები, რომელიც განსავითარებელ ბაზრების ჯგუფშია ჩვენთვის, რადგან იქ კარგად არ ვართ ჯერ შესულები. მაგალითად, ჩინეთის ბაზრისთვის ზოგიერთი რამ რაც ჩვენთან იწარმოება უცხოა, რაც ზუსტად ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა და სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ოთხი კატეგორიაა და ვაპირებთ, ყველას შევუწყოთ ხელი ექსპორტის მიმართულებით.

























