"აწარმოე საქართველოში" პროფესიული გადამზადების პროგრამის დაწყებას გეგმავს
ნინი თურქია
05.10.18 19:00
• 1037
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი bm.ge-სთან საუბრისას, რამოდენიმე ახალ პროგრამას აანონსებს, რომლის განხორციელებასაც უწყება უახლოეს პერიოდში გეგმავს. მათ შორის არის, როგორც პროფესიული გადამზადების კურსები, ასევე თანადაფინანსების ახალი კომპონენტები. მიხეილ ხიდურელის განცხადებით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინვესტორებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპზეა დაფუძნებული. „პრემიერ-მინისტრს ძალიან სწორი შეხედულება აქვს ინვესტიციების მიმართულებით. ინვესტორი როცა დაინტერესდება ქვეყნით, მას ჩვენი გუნდიდან გამოყოფილი ჰყავს ბიზნეს მრჩეველი, რომელიც პირველი დღიდან ხდება ინვესტორისთვის ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან, ან ლოკაციასთან, ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან შეხების წერტილი.
ინვესტიციის განხორციელების შემდეგ „after care“ -ის სერვისს ვახორციელებთ. რაც გულისხმობს იმას, რომ ისევ იგივე ბიზნეს მრჩეველი არის ბიზნესმენზე მიმაგრებული იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობისა და ნდობის ჩამოყალიბება. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ ეს ადამიანი ეხმარება ნებისმიერი სახის პრობლემის მოგვარებაში. თუ პრობლემა ჩვენი კომპეტენციის გარეთ არსებულ რომელიმე ორგანოს (მერიას ან ქონების მართვის სააგენტოს) ეხება, მაშინ ჩვენ ვაკოორდინირებთ ამ თემას და თუ საჭიროა ჩვენთვითონ ვესწრებით ამ შეხვედრებს“.
მიხეილ ხიდურელი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალ პაკეტზე საუბრობს, რომელსაც „საინვესტიციო ხელშეწყობის პაკეტი“ ეწოდება და იგი სამუშაო ძალის გადამზადებას ემსახურება არა მხოლოდ იმ სექტორში, რომელ სექტორსაც ინვესტორი მოითხოვს, არამედ იმ სექტორებშიც, რომელიც საქართველოსთვის არის პრიორიტეტული.
„ჩვენ მასშტაბურ პროფესიულ გადამზადებას ვაპირებთ არა მხოლოდ იმ სექტორში, რა სექტორსაც მოითხოვს ინვესტორი, არამედ ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ - საქართველოსთვის პრიორიტეტულ სექტორებშიც ვაპირებთ ამ პროგრამის გატარებას. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ქვეყანაში შემოსული ინვესტორი ინტერესდება იმით, თუ რამდენად არსებობს მისი საწარმოსთვის პროფესიონალი ხელმისაწვდომი მუშახელი“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი ხელშეწყობის პროგრამები იგეგმება, რომელიც ბიზნესის ე.წ. „აუთსორსინგის“ კუთხით განხორციელდება.
„ჩვენ გვექნება ხელშეწყობის პროგრამები, როგორებიცაა: რემონტის ხარჯის გარკვეული თანხის უკან დაბრუნება, ასევე იმ დიდი ინვესტორებისთვის, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიურ ინვესტიციას განახორციელებენ, გვექნება საგადასახადო შეღავათები. ეს პროექტი მომზადებულია და უნდა გავიაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამის ფართომასშტაბიან პრეზენტაციას გავაკეთებთ. ასევე იგეგმება RMD გრანტები ანუ კვლევისთვის გრანტების გაცემა ინვესტორებზე, რომელიც მხოლოდ ქართულ კვლევით ინსტიტუტებზე მოხდება. გვინდა, რომ ამით ხელი შევუწყოთ ქართული ინსტიტუტების ძალის გაზრდას“.
მიხეილ ხიდურელის განცხადებით, იწყება ახალი საინვესტიციო კამპანია, რომელიც CNN-ზე, CBN -სა და მსოფლიოს ყველა უმნიშვნელოვანეს მედიაში გაშუქდება. „გვინდა, რომ ჩავრთოთ აბსოლუტურად ყველა ბიზნეს წრე: ის ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოს გარეთ იმყოფებიან ან ზოგადად ის ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოს ლობიზმს აკეთებენ, საელჩოები.. როგორც კი ჩვენ ახალი საინვესტიციო რგოლი და სარეკლამო კამპანია გვექნება მზად, ვგეგმავთ, ყველა საქართველოს საელჩოში ჩავატაროთ პრეზენტაცია და მოვიწვიოთ ყველა საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესებული ადამიანი“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.